რამაზ სვანაძე, საბა საზონოვი
Aa
Aa

„ძალიან გვინდა, საზონოვი ჩვენთან იყოს“ | რამაზ სვანაძის ინტერვიუ

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევრო 2025-ზე გასვლასა და საბა საზონოვზე ისაუბრა. სვანაძემ იმედი გამოთქვა, რომ „ემპოლის“ 22 წლის მცველი გუნდს ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე დაეხმარება.

„ბიჭებზე წნეხი იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ორივე მატჩი ჩვენი სცენარით მიდიოდა, ორ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით. ამიტომ, ძალიან დასანანი იყო მესამე გაშვებული გოლი, რომელიც ბოლო წამებზე გაგვიტანეს, ის ლოგიკიდან იყო ამოვარდნილი.

ხორვატიაში პლეი ოფის საპასუხო შეხვედრასაც ვაგებდით და შემდეგ პენალტების სერიაშიც ჩამოვრჩით, მაგრამ გუნდი მზად იყო მენტალურად და საბოლოოდ, შრომა დაგვიფასდა.

მინდა, საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. ევრო 2023-ზე ჩვენ მასპინძლის სტატუსით ვითამაშეთ. სულ სხვაა, როდესაც შენი შრომით ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ხვდები. ეს სტაბილურობა უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველო ახალგაზრდული ფეხბურთის ელიტის წევრია.

ბოლო 2-3 წელია, ვხედავთ, რომ ყველასთან თანაბრად ვთამაშობთ, წარმატებებს ვაღწევთ და უკვე არ არსებობს გუნდი, რომელიც გამოვა და ჩვენთან ქულებს მარტივად მოიპოვებს. ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ჩვენც და სანაკრებო ფეხბურთი უფრო გაძლიერდება.

რამდენიმე წელია, ფეხბურთის ფედერაციაში არსებობს გეგმა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ნაკრებს ეხება და ჩვენი თითოეული შეკრება და ვარჯიში კონკრეტულ პროგრამაზეა დამყარებული. შედეგებიც უკვე წამოვიდა, გეგმა კი გაგრძელდება და ეს მაიმედებს, რომ სანაკრებო ფეხბურთი უფრო წარმატებული იქნება.

ვიმედოვნებ, ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი გუნდი უფრო გაზრდილი იქნება, როგორც გუნდურად, ისე – ინდივიდუალურად. 

სამწუხაროდ, საბა საზონოვს „ემპოლიში“ ვარჯიშის დროს ერთ-ერთ უმნიშვნელო ეპიზოდში ჯვარედინი იოგები გაუწყდა. მერე ოპერაცია გაიკეთა და დღემდე რეაბილიტაციას გადის.

ხორვატიასთან პლეი ოფის დასრულების შემდეგ მასთან მქონდა კონტაქტი, დაგვირეკა და მთელ გუნდს გამარჯვება მოგვილოცა. საბას რეაბილიტაცია ისეთი ვადებით მიდის, როგორც დაგეგმილი იყო და მადლობა ღმერთს, გართულებები არ არის. გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს.

იქნება თუ არა ევროპის ჩემპიონატისთვის მზად? ის დიდი ძალაა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი მაღალი დონის ტურნირია და დიდი მნიშნელობა ექნება, მოასწრებს თუ არა ფორმის აღდგენას. გასათვალისწინებელია, როგორი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ძალიან გვინდა, საბა ჩვენთან იყოს".

შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 3 დეკემბერს გაიმართება და ჩვენი მეტოქეების ვინაობაც გაირკვევა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა არ გვაქვს“ | ლიონის თავკაცი მიქაუტაძე-ლაკაზეტზე
„ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა არ გვაქვს“ | ლიონის თავკაცი მიქაუტაძე-ლაკაზეტზე