ზედიზედ მესამედ ტურის სიმბოლურში | ძოწენიძის წარმატებული მატჩები სლოვაკეთში
სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში, Nike Liga-ში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია თამაშობს, კიდევ ერთი ქართველი მცველია, 25 წლის თორნიკე ძოწენიძე. 2023 წლის მიწურულს „დილადან’’ წავიდა და სლოვაკურ „მიხალოვცეში’’ გადავიდა, კარგ ფორმაშია, გასულ სამ ტურში სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა (Sofascore-ს, Flashscore-სა და Opta-ს ვერსიით).
მიმდინარე სეზონში 25 წლის ცენტრალურმა მცველმა სლოვაკეთის ჩემპიონატის 10 მატჩში ითამაშა, მის აქტივში 1 საგოლე პასია. 10-დან ყველა მატჩი სასტარტოში დაიწყო, 10-დან მხოლოდ ერთ მატჩში შეცვალეს. მე-8 ტურში ბრატისლავას „სლოვანთან’’ წითელი ბარათი მიიღო და ამის გამო მე-9 ტურში გურამ კაშიას „სლოვანთან’’ მატჩი გამოტოვა. ასევე, სლოვაკეთის თასზე 4 მატჩი ჩაატარა, ოთხივე სასტარტოში და ოთხივე შეუცვლელად.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ძოწენიძე ყველაზე მეტად ანდრეი დემჩენკოს გორის „დილადან’’ უნდა ახსოვდეთ, ევროპა ლიგაზე „დუნაისკა სტრედასთან’’ ბრწყინვალე საგოლე პასები შეასრულა.
ძოწენიძეს საქართველოს 20 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. პროფესიული კარიერის სტარტზე თბილისის „დინამოს'' ფეხბურთელი იყო, შემდეგ „თელავსა'' და „დილაში'' გამოდიოდა, გასული ზამთრიდან სლოვაკეთის ჩემპიონატშია, „მიხალოვეცსთან'' კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, სტაბილური თამაშიდან გამომდინარე კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა და შესაძლოა შემდეგ სეზონშიც „მიხალოვცეში'' ვიხილოთ, რომელიც ამჟამად სლოვაკეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.