კერესელიძის 29 გოლი 27 მატჩში - შემტევი, რომელიც დევდარიანს ძალიან მოსწონდა
საქართველოს რანგით მე-4 ლიგის 2024 წლის სეზონი „დიდუბემ’’ 69 ქულით მოიგო და რანგით მე-3 ლიგაში აღზევდა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი თორნიკე კერესელიძე გახდა, 27 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა. მისი გოლები ხშირად გადამწყვეტი იყო, „დიდუბეს’’ აწინაურებდა ან ანგარიშს ათანაბრებდა. მოკლედ, გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, გუნდის მთავარი ფიგურა იყო. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ 22 წლის შემტევი მეტწილად მარჯვენა გარემარბად თამაშობდა და არა ცენტფორვარდად. მას ასევე კარგად გამოსდის „ცრუ ცხრიანის'' პოზიციაზე თამაში.
კერესელიძის კიდევ ერთი თვისებაა გამოსაყოფი, ხშირად უკან იხევს, დაცვას აქტიურად ეხმარება, ეს თვისება თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია.
მოცემულ ვიდეოში თორნიკეს გამორჩეული გოლებია, რომლებიც 2024 წლის სეზონში „დიდუბეს'' რიგებში გაიტანა.
გოლის ალღო და საჯარიმოში პოზიციის სწორად შერჩევა მისი ძლიერი მხარეებია. 1,84 მ. სიმაღლის შემტევი სწრაფია, თავით თამაშით გამოირჩევა, კარგი ნახტომი აქვს.
22 წლის ფეხბურთელის კარიერაში ახალი გამოწვევის დროა. უმაღლესი ლიგის ან რანგით მეორე ლიგის გუნდებს, რომლებიც ამ სეზონში კერესელიძის თამაშს არ აკვირდებოდნენ, მოცემული ვიდეო დაეხმარებათ, რომ უფრო უკეთ გაიცნონ ნიჭიერი შემტევი. შესაძლოა, მისი დამატება სპორტული თუ ფინანსური კუთხით გუნდის დაკომპლექტებისას უკეთესი ვარიანტი იყოს ვიდრე უცხოეთიდან ჩამოყვანილი ლეგიონერი, რომელიც არ ამართლებს. განვითარებულ საფეხბურთო ქვეყნებში ძლიერი კლუბებისთვის შედარებით დაბალ ლიგებში სკაუტინგი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ მხრივ ქართულ კლუბებს უფრო მეტი აქტიურობა მართებთ.
ასევე გეტყვით, რომ გარკვეული პერიოდი გიორგი დევდარიანის ინდივიდუალური მომზადების ცენტრში ვარჯიშობდა. 2021 წლის სეზონში გიორგი დევდარიანის გაწვრთნილ „ორბიში'' თამაშობდა. გიორგი დევდარიანი თვლიდა, რომ კერესელიძეს გამორჩეული თვისებები ჰქონდა და უმაღლეს ლიგაში თამაშს იმსახურებდა.
მოგვიანებით, ფეხბურთელი რანგით მესამე ლიგის „ბორჯომისა'' და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის თბილისის „მერანში'' თამაშობდა. შემდეგ 4 თვე ტრავმის გამო გაუცდა. 2024 წლის სეზონში „დიდუბეს'' რანგით მე-4 ლიგა მოაგებინა.