„მხოლოდ დაცვაში გამოირჩევიან, ეს პრობლემაა“ - Gazzetta კვარასა და პოლიტანოზე
სერია A-ს 13 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ მხოლოდ 20 გოლი აქვს გატანილი და ეს მე-6 მაჩვენებელია, რაც ლიდერისთვის საკმაოდ ცოტაა.
Gazzetta dello Sport-ი ამ პრობლემის შესახებ წერს და კონტეს გუნდის შესაძლო გამოსავალზე საუბრისას კვარაცხელიასაც ახსენებს.
„დაცვითი ასპექტები გუნდმა დახვეწა, ყველაფერი რიგზეა, შეტევაში კი პრობლემებია. ნაპოლი სერია A-ში ამჟამად შეტევაში მაჩვენებლებით მე-6 ადგილზეა. პარტენოპეის აქ სჭირდება გაუმჯობესება და გარკვეული ასპექტების დახვეწა.
კვარაცხელია და პოლიტანო უფრო მეტად დაცვაში თავგანწირული თამაშით გამოირჩევიან, ეს პრობლემაა, რადგან მათი მხრიდან მხოლოდ ამას ვხედავთ. ხვიჩამ უფრო მეტად უნდა ისწავლოს ლუკაკუს ფიზიკური სიძლიერის გამოყენება. თუ ამ დუეტის ურთიერთგაგება გაუმჯობესდება, ნაპოლის სიტუაციის შეცვლა შეეძლება. გუნდს ამჟამად ბოლო პასი აკლია, მაგრამ ეს შესაძლოა დროებითი პრობლემა იყოს“.
- წერს იტალიური გამოცემა.
სკუდეტოსთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. ლიდერ „ნაპოლისა“ და მე-5 ადგილს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა. მე-14 ტურში „პარტენოპეი“ სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 1 დეკემბერს 18:00-ზე დაიწყება.