„სანამ კვარას გააკრიტიკებთ...“ – რას ამბობს ნაპოლის ყოფილი მოთამაშე
„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი (2004-2008) და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი, რობერტო სოსა ხვიჩა კვარაცხელიას რეაქციას გამოეხმაურა, როდესაც ის „რომასთან“ მატჩის დროს, მოედნიდან გაიყვანეს და ამის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.
მისი თქმით, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც გაუხარდება ის ფაქტი, რომ მას ცვლიან.
რა თქვა სოსამ:
„მას რომ მოედნიდან გაყვანა გახარებოდა, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მისთვის სულ ერთია. როდესაც მესმის კრიტიკა ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ, ასაკზე ვფიქრობ: „რას ვაკეთებდი, 23 წლის რომ ვიყავი?“.
„რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ტოვებს ის მოედანს? მთავარია, როგორ თამაშობს, როცა მოედანზე გადის და თამაშობს „ნაპოლისთვის“. მოდი, საკუთარ თავს ვკითხოთ, როგორები ვიყავით მის ასაკში და ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ის საკუთარი ოჯახიდან შორს, უცხო ქალაქში ცხოვრობს“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „რომა“ 1:0 დაამარცხა, „კვარა“ კი 67-ე წუთზე გაიყვანეს. 13 ტურის შემდეგ, „პარტენოპეის“ 29 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.