„ადაპტაციის პროცესი 100 პროცენტით დასრულებულია“ | მიქაუტაძის კომენტარი
„ლიონის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ ევროპა ლიგაზე, „ყარაბაღთან“ გამართული მატჩი შეაფასა. ფრანგულმა კლუბმა 4:1 იმარჯვა და მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა, შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ ადაპტაციის პროცესი ბოლომდე გავლილი აქვს.
„პირველი ნახევარი რთული გამოვიდა, მაგრამ მწვრთნელმა ცვლილებები გააკეთა, რომლებმაც შედეგი გამოიღეს. რამდენიმე ფრე გვქონდა და გამარჯვება ძალიან გვინდოდა. ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ.
გავაგრძელე ის, რაც ოსერთან მატჩში და ეროვნულ ნაკრებში ვაჩვენე. საქართველოს ნაკრებში ორ შეხვედრაში ვითამაშე და ორივეში გავიტანე. ლიონში დავბრუნდი და მუშაობას განვაგრძობ, რათა მეტი სათამაშო დრო მივიღო და უფრო კარგად ვიასპარეზო. ვცდილობ, მოედანზე ყოფნით ვისიამოვნო და დღეს ეს გამომივიდა. ბედნიერი ვარ.
ადაპტაციის გავლა მომიწია. როცა ახალი თანაგუნდელები გყავს და ახალ გარემოში გადადიხარ, ყველაფერი იცვლება და ადაპტაცია, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა გაიარო. ვფიქრობ, ადაპტაციის პროცესი 100 პროცენტით დასრულებულია. უნდა იცოდე თითოეული მომენტით სიამოვნება როგორ მიიღო და ყურადღება როგორ არ გაგეფანტოს. გავიმარჯვეთ, მაგრამ ნიცასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება“.
ცნობისთვის, მიქაუტაძემ კარისკენ 3-ჯერ დაარტყა და 5-დან 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. გიორგიმ 2 საკვანძო პასი გააკეთა და ბურთს 33-ჯერ შეეხო. L’Equipe-მა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.