მიქაუტაძის სუპერ მატჩი | ლამაზი გოლი და დუბლი ევროპა ლიგაზე
ევროპა ლიგის ლიგის ეტაპის მე-5 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „ყარაბაღს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა შესანნიშნავად ითამაშა და 4:1 იმარჯვა, რაშიც მიქაუტაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა.
გიორგიმ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად იასპარეზა. მე-5 წუთზე, მას ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მის დარტყმას მცველები გადაეღობნენ. მე-15 წუთზე, მიქაუტაძემ „ლიონი“ მაინც დააწინაურა. ქართველმა თავდამსხმელმა ნუამას პასი გამოიყენა და შეტევა ბრწყინვალე შესრულებით დააგვირგვინა.
63-ე წუთზე, „ლიონის“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა. კორენტინ ტოლისომ „ყარაბაღის“ კარი შორეული დარტყმით აიღო. 5 წუთში, ფრანგებმა მესამე გოლი გაიტანეს. მიქაუტაძემ შესანიშნავი გადაცემა გააკეთა, საიდ ბენრაჰმას ჩაწოდების შემდეგ კი მალიკ ფოფანა გამოირჩა.
მე-80 წუთზე, მიქაუტაძემ დუბლი მიითვალა. ქართველმა თავდამსხმელმა შესანიშნავად იმოქმედა, მეტოქე გუნდის მცველებსა და მეკარეს თავბრუ დაახვია და ანგარიში 4:0 გახადა. „ყარაბაღმა” ჟუნინიოს პენალტით ჩამორჩენა შეამცირა - 1:4.
ცნობისთვის, „ლიონს“ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. ფრანგები მომდევნო შეხვედრას 1-ელ დეკემბერს გამართავენ და „ნიცას“ დაუპირისპირდებიან.