გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, დევიდ უები
Aa
Aa

„მამარდა ლივერპულისთვის იდეალურია, კვარა გასაოცარი ტალანტია“ | დევიდ უების ინტერვიუ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ უებმა GIVEMESPORT-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. უებმა ბევრ თემაზე ილაპარაკა და ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.

გიორგი მამარდაშვილზე

„გიორგი მამარდაშვილი ლივერპულს იდეალურად მოერგება. ბურთებს ბრწყინვალედ იგერიებს, საჯარიმო მოედანს განაგებს და ძალიან ათლეტურია. მარტო მაღალი კი არაა, ფიზიკურადაც ძლიერი გახლავთ. გიორგის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება, რომლის შესახებაც ლივერპულის ფანებმა ალბათ არაფერი იციან, მისი ხასიათია. მამარდაშვილს ძალიან, ძალიან, ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს. თავდაუზოგავად მუშაობს და მოწადინებულია, რომ უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს.

გიორგი ვალენსიაში 2021 წელს გადავიდა და მეოთხე ან მეხუთე მეკარე უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად, სარეზერვო გუნდში გაგზავნეს, ერთი წლის შემდეგ კი, მთავარი გუნდის ძირითადი მეკარე გახდა. მართალია, ვალენსიაში დინამო თბილისიდან გადავიდა, მაგრამ ლოკომოტივში იყო განათხოვრებული. გასაოცარია ის, რომ 12 თვეში, ასეთი პატარა კლუბიდან ვალენსიაში გადავიდა და ღამურების ნომერ პირველი მეკარე გახდა. ეს წარმატება ნაწილობრივ მისი ხასიათისა და მენტალური გამძლეობის დამსახურებაა.

გიორგი შეუპოვარი და შრომისმოყვარე ადამიანია. ვფიქრობ, ის ლივერპულს, როგორც კლუბს და მის კულტურას ბოლომდე გაითავისებს. ჩემი აზრით, მომდევნო წლებში, მამარდა მსოფლიოს ტოპ 5 მეკარეს შორის იქნება და რეალურად, არც ახლაა ამისგან ძალიან შორს“.

ხვიჩა კვარაცხელიაზე

„ხვიჩა გასაოცარი ტალანტია და ვარჯიშებისას, როცა მასთან მუშაობ, კარგად ხედავ, რა დონეზე იმყოფება. თანაც, მას პროგრესის მიღწევა კიდევ შეუძლია. ხვიჩას ნათელი მომავალი აქვს. ვფიქრობ, მომდევნო ორ-სამ წელიწადში, ის ევროპის ელიტარული კლუბის ფეხბურთელი იქნება. თუ რა თქმა უნდა, ამას თავად მოისურვებს.

კვარაცხელია მამარდაშვილისგან განსხვავებული ხასიათის მქონე ბიჭია და ოდნავ ჩუმი გახლავთ. ამ მომენტისთვის, ალბათ, არავინაა, ვისაც კვარაზე მეტ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ამას ხვიჩას ვერ შეატყობთ, რადგან ეგოისტობას საერთოდ არ იჩენს. გუნდს იდეალურად ერწყმის, რადგან ძალიან თავმდაბალი ბიჭია და გუნდზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, მისი დანახვა საკმარისი არაა, რათა მიხვდეთ, რომ სუპერვარსკლავია. ხვიჩა უაღრესად თავმდაბალი და ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია.

დარწმუნებული ვარ, ნაპოლის დატოვება რომ მოინდომოს, ვარიანტების პოვნა არ გაუჭირდება, მაგრამ ისიც არ უნდა დაავიწყდეს, რომ უკვე დიდ კლუბში იმყოფება, რომლის რიგებშიც სერია A-ს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. არ აქვს მნიშვნელობა, ნაპოლის დატოვებს თუ არა. ფაქტია, მისი სახით, უმაღლესი დონის პროფესიონალი გვყავს, რომელიც საქართველოს ნაკრების მომავალში დიდ როლს ითამაშებს“.

ცნობისთვის, უებმა ევროპის ჩემპიონატზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პორტუგალიასთან გამარჯვებამ დაამტკიცა, რომ „ჯვაროსნები“ ასეთ დიდ ფორუმზე თამაშს იმსახურებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისმა აგენტმა პარი სენ-ჟერმენთან კონტაქტი განაახლა“ | RAI კვარას მომავალზე
„მისმა აგენტმა პარი სენ-ჟერმენთან კონტაქტი განაახლა“ | RAI კვარას მომავალზე