არნე სლოტის თავსატეხი | ბრიტანული გამოცემა მამარდასა და კელეჰერზე
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Caughtoffside-მა „ლივერპულის“ საზაფხულო გეგმებზე დაწერა. სტატიის ავტორის მიხედვით, „წითლების“ თავკაცს, არნე სლოტს, ზაფხულში, სერიოზული თავსატეხი ელოდება და გიორგი მამარდაშვილსა და კაოიმჰინ კელეჰერს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.
„ლივერპულის მთავარ მწვრთნელს, არნე სლოტს სერიოზული თავსატეხი ექნება მეკარეებთან მიმართებით. კაოიმჰინ კელეჰერი იმდენად კარგ ფორმაშია, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის დასრულების მიუხედავად, რომ თამაშის უგულებელყოფა შეუძლებელია.
ალისონი ყოველთვის ლივერპულის ნომერ პირველი მეკარე იყო, მაგრამ კელეჰერი გახლდათ, სათადაროგო გოლკიპერი, რომელსაც ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლო. ალისონის ტრავმის შემდეგ, ირლანდიელ ფეხბურთელს საოცარი სერია აქვს და საკუთარი დონე დაამტკიცა. გარდა ამისა, მომდევნო სეზონის დაწყებამდე, ლივერპულს, გიორგი მამარდაშვილის სახით, ტოპ კლასის მესამე მეკარეც ეყოლება.
TBR Sport-ის ინფორმაციით, სლოტი მზად იყო, ალისონი და კელეჰერი გაეყიდა, რათა მამარდაშვილისთვის გზა გაეხსნა, მაგრამ რთული წარმოსადგენია რატომ უნდა შეელიოს ნიდერლანდელი სპეციალისტი კელეჰერს. 26 წლის მეკარემ რეალთან პენალტი მოიგერია და კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი შემოგვთავაზა, რის გამოც, სათადარიგოთა სკამზე დაბრუნებაზე ბევრად მეტს იმსახურებს. ალისონს ეცოდინება, რომ ძირითადში ადგილის დასაბრუნებლად ბრძოლა მოუწევს და რატომ უნდა გახდეს მამარდაშვილი ზაფხულში სლოტის მთავარი მეკარე?
ლივერპულმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მამარდა ვალენსიაში იჯარის წესით დატოვა. უაზრო არ იქნება, მერსისაიდელებმა 2025/26 წლების სეზონისთვისაც იგივე გააკეთონ. ვნახოთ, წითლები მის ვალენსიაში დატოვებას გადაწყვეტენ თუ სხვა კლუბს უპოვიან და იჯარით გაუშვებენ. თუ კელეჰერმა არ მოუკლო, ამ მომენტისთვის, ყველაზე მოსალოდნელი სწორედ ეს ორი ვარიანტია“.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ გიორგი მამარდაშვილი მომავალი სეზონიდან „ლივერპულს“ შეუერთდება, კაოიმჰინ კელეჰერმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ მერსისაიდულ კლუბს დატოვებს.