„დატოვეთ კელეჰერი! მამარდაშვილი მოიცდის“ - ლივერპულის ფანების რეაქცია
27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფაზის მე-5 ტურში, „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
„სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ გამორჩეული მატჩი ჩაატარა მერსისაიდული გუნდის სათადარიგო მეკარე კაოიმჰინ კელეჰერმა, რომელიც ტრავმირებულ ალისონს ცვლის. ირლანდიელმა მეკარემ 61-ე წუთზე კილიან მბაპეს პენალტი აუღო და „ლივერპულის“ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კელეჰერმა „ლივერპულის“ ფანებისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა და გულშემატკივრებმა კლუბის ხელმძღვანელებს ირლანდიელის კლუბში დარჩენა მოთხოვეს. „სქაუზერების“ კომენტარები ცნობილ სოციალურ ქსელ Reddit-ზე გავრცელდა.
რას წერენ ფანები:
„კელეჰერი უნდა დარჩეს. მამარდაშვილს კი შეუძლია, მოიცადოს“.
„ნუ გაყიდით მაას. ზოგიერთ ასპექტში ის ალისონზე უკეთესიც კი არის“.
„მხოლოდ მე მომწონს კელეჰერი? უცნაურად მეშინია, რომ ალისონი დაბრუნების შემდეგ ისეთივე კარგი ვერ იქნება, როგორც წარსულში იყო. მამარდაშვილზეც იგივე გრძნობა მაქვს...“
„ბოლო დროინდელი ტრავმების გამო ვფიქრობ, რომ ალისონი დაბრუნების შემდეგ ისეთივე ეფექტური ვეღარ იქნება და მგონია, რომ მისი ადგილი უკვე კელეჰერმა უნდა დაიკავოს. მომავალ სეზონში კი შეუძლია, გუნდის მთავარი მეკარე გახდეს, მამარდაშვილი კი სარეზერვო უნდა იყოს“.
„ბოლო წლებში, ბევრი ცუდი მეკარე გვყავდა, ახლა კი ამ ორი ფანტასტიკური ბიჭით ვართ დალოცვილები. ვფიქრობ, ამ ორიდან არ შეიძლება ორივეს გაშვება იმ იმედით, რომ მამარდაშვილიც ისეთივე კარგი აღმოჩნდება, როგორიც ალი და კელეჰერი არიან“.
„ის იმსახურებს სასტარტოში ყოფნას მაშინაც კი, თუ ალისონი 100%-ან ფორმაშია. მიეცით ამ ორ მეკარეს ერთმანეთთან კონკურენციის შესაძლებლობა“.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ გიორგი მამარდაშვილი მომავალი სეზონიდან „ლივერპულს“ შეუერთდება, კაოიმჰინ კელეჰერმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ მერსისაიდულ კლუბს დატოვებს. ბრიტანულ მედიაში იწერება, რომ მომავალი სეზონიდან გუნდში აღარც ალისონი იქნება.