რასისტული სკანდალი და განქორწინება - ენცოს ნახევარწლიანი კოშმარი
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შემდეგ, არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი „ჩელსიმ“ „ბენფიკადან“ სარეკორდო თანხად დაიმატა და თუ თავდაპირველად ის გაცემულ ავანსებს ამართლებდა, წლევანდელი სეზონის სტარტი მისთვის კოშმარული გამოდგა. ყველაფერი გასულ ზაფხულს მოგებული კოპა ამერიკის აღნიშვნისას მომხდარი სკანდალური ფაქტით დაიწყო - ენცომ თანამემამულეებთან ერთად საფრანგეთის ნაკრების წევრების პაროდიის გაკეთება სცადა და შეასრულა სიმღერა ასეთი ტექსტით: „ვთამაშობთ საფრანგეთისთვის, თუმცა ყველა ანგოლელები ვართ“.
თავიდანვე ცხადი იყო რომ ეს ყველაფერი უხმაუროდ არ ჩაივლიდა და თავდაპირველად სერიოზული სკანდალიც გამოიწვია - „ჩელსიში“ ფერნანდესის ფრანგმა თანაკლუბელებმა, უესლი ფოფანამ, კრისტოფერ ნკუნკუმ, ბენუა ბადიაშილმა და აქსელ დისასმა ინსტაგრამზე მისი გამოწერა გააუქმეს. კონფლიქტი ძალიან მალე სერიოზულ სახესაც მიიღებდა, მაგრამ ენცომ მათ და სხვა თანაგუნდელებსაც საჯაროდ მოუბოდიშა, კლუბის ხელმძღვანელების მითითებით კი, დისკრიმინაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ფონდში სოლიდური თანხა ჩარიცხა.
შესაბამისად, ფერნანდესი დისკვალიფიკაციასაც გადაურჩა. არადა, ზუსტად ანალოგიური დანაშაულისთვის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ „ტოტენჰემის“ ურუგვაელი ლეგიონერი როდრიგო ბენტანკური, რომელმაც სამხრეთ კორეელებზე თქვა რომ ყველას წვრილი თვალები აქვს და ყველა ერთნაირია, 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ფერნანდესის პრობლემები ამით არ ამოწურულა - ოქტომბრის ბოლოს ის მეუღლეს, ვალენტინა სერვანტესს დაშორდა, რომელთანაც ექვსი წელი ცხოვრობდა და ორი საერთო შვილი, 4 წლის გოგონა და 1 წლის ბიჭი ჰყავთ. როგორც ამბობენ, განქორწინების ინიციატორი ენცო იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ ცალკე ცხოვრება სურდა, ხოლო თავად ვალენტინამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ ორივესთვის ასე აჯობებდა და მეუღლესთან კარგ ურთიერთობას აუცილებლად შეინარჩუნებს.
სტატისტიკის მოყვარულმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ენცო ფერნანდესი გაცილებით კარგად ათამაშდა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზარდა - მას შემდეგ რაც მარტო დარჩა, არგენტინელმა ნახევარმცველმა „ნოასთან“ შეხვედრაში 3 საგოლე პასი შეასრულა, „არსენალთან“ ცვლილებაზე შესულმა პედრო ნეტუს გაატანინა, პარაგვაისთან შეხვედრაშიც ასისტის ავტორი გახდა, ხოლო „ლესტერთან“ მატჩში თავი როგორც საგოლე გადაცემით, ასევე გატანილი გოლით გამოიჩინა.