ერთი ნაბიჯი რეკორდამდე | დი მარიამ მესის გაუსწრო და რონალდუს მიუახლოვდა
ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში „ბენფიკა“ „მონაკოს“ ესტუმრა და 3:2 გაიმარჯვა. მასპინძლები 2:1 იგებდნენ, თუმცა არტურ კაბრალმა ანგარიში 84-ე წუთზე გაათანაბრა, 88-ზე კი ზექი ამდუნიმ „არწივებს“ გამარჯვება მოუტანა - ორივე შემთხვევაში საგოლე პასი „ბენფიკას“ არგენტინელმა შემტევმა, ანხელ დი მარიამ მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
„მონაკოსთან“ შესრულებული ასისტებით 36 წლის დი მარიამ მნიშნველოვან მაჩვენებელს მიაღწია - ის ჯერ დაეწია, შემდეგ კი გაუსწრო თავის მეგობარსა და თანამემამულეს, ლეო მესის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 40 ასისტი აქვს შესრულებული.
ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე დი მარიას ანგარიშზე ახლა 41 საგოლე პასია და ყველა დროის საუკეთესო შედეგისგან, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის (42 ასისტი) არგენტინელს მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა აშორებს. მეოთხე ადგილზე ნეიმარია (33 ასისტი), მეხუთეზე კი რაიან გიგზი (31 ასისტი).
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკას“ სულ მცირე კიდევ 3 მატჩი ექნება - „ბოლონიასთან“, „ბარსელონასთან“ და „იუვენტუსთან“. ამ დროისთვის „არწივები“ 9 ქულით მე-14 ადგილზე არიან.
ცნობისთვის, „ბენფიკა“ ანხელ დი მარიას პირველი ევროპული კლუბი იყო (2007-2010 წლები), 2023 წელს კი არგენტინელი ლისაბონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. „ბენფიკაში“ დაბრუნების შემდეგ მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 64 მატჩში 25 გოლია.
მონაკო-ბენფიკას საუკეთესო მომენტები: