ორმაგი დუბლი ჩიკაგოსთან - გოგას მაგარი მატჩი და ორლანდოს ზედიზედ მე-4 გამარჯვება
NBA-ის მორიგ ტურში, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულზს“ დაუპირისპირდა და 14 ქულის სხვაობით, 133:119 გაიმარჯვა.
გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 25 წუთამდე გაატარა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა, 11 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ გოგას სროლების სიზუსტის მხრივ 100%-ანი შედეგი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ასევე, 4 საჯარიმო ისროლა და 3 ზუსტად შეასრულა. ამასთან, 2-2 ბლოკი და ჩაჭრა მიითვალა და ბურთი ერთხელ დაკარგა, მეტოქის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდა.
მოხსნების რაოდენობით, ბითაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო და ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც მას გაუტოლდა, „ბულზის“ ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი იყო, რომელმაც ასევე 11 მოხსნა მიითვალა. ქულების რაოდენობით კი ჯეილენ საგსი გამოირჩა, რომელმაც 31 ქულას მოუყარა თავი.
„ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 13 მოგებითა და 7 მარცხით მე-3 ადგილს იკავებს. გოგას გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 ნოემბერს, სტუმრად, „ბრუკლინ ნეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.