“შედეგი სამართლიანია“ - ანჩელოტი ლივერპულთან წაგების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის რეალი ლივერპულს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ანჩელოტიმ?
„სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა. ჩვენთვის რთული თამაში გამოდგა. ვიცოდით, რომ ლივერპული კარგ ფორმაში იყო, მაგრამ მეგონა კარგად ვიასპარეზებდით. შედეგი დიდად არ იცვლება, რადგან მოგების შემთხვევაშიც კი საუკეთესო 8 გუნდში ვერ მოვხვდებოდით.
ვფიქრობ, მადრიდის რეალი უბრუნდება ისეთ თამაშს, როგორსაც გვინდა, რომ თამაშობდეს, მაგრამ ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს და ოპტიმალურ კონდიციამდე მიღწევა რთულია. კილიან მბაპემ კარგად იბრძოლა. გაფუჭებული პენალტის შემდეგ, მას ყველას მხარდაჭერა აქვს.“
შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელთა მხრიდან გოლები მაკ ალისტერმა და გაკპომ გაიტანეს. პენალტები ვერ გამოიყენეს კილიან მბაპემ და მოჰამედ სალაჰმა.
ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ, სამეფო კლუბს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 24-ე ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგაზე ბლანკოსი შემდეგ მატჩს ატალანტას წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა