კიტეიშვილის მაგარი მატჩი - შტურმის პირველი გამარჯვება ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის მე-5 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ესპანურ „ჟირონას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ავსტრიელებისთვის ეს ტურნირზე მოპოვებული პირველი ქულები იყო.
გრაცელები მთელი მატჩის განმავლობაში უფრო დამაჯერებლად და გააზრებულად თამაშობდნენ. ამაში თავისი სოლიდური როლი გუნდის კაპიტანს კიტეიშვილსაც ჰქონდა, რომელმაც ნახევარდაცვაში ლიდერის როლი იტვირთა და მორიგი მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა.
კიტეიშვილმა თავისი გუნდის საგოლე შეტევა წამოიწყო და ჩვეულ სტილში კრეატიული პასი გააკეთა, რამაც შემდეგ ანგარიშის გახსნა განაპირობა. „კიტეს“ მსგავსი პასები ამ შეხვედრაში რამდენიმე ჰქონდა, რაც ყოველ ჯერზე სახიფათო მომენტის შექმნით სრულდებოდა. ოთომ მოედანზე 90 წუთი გაატარა და შეუცვლელად ითამაშა.
საბოლოოდ, „შტურმმა“ საქმე ბოლომდე მიიყვანა და 3 ქულა გაიფორმა.
გრაცელები მე-6 ტურში 11 დეკემბერს სტუმრად „ლილს“ დაუპირისპირდებიან.