„ქულის აღება შეგვეძლო, მაგრამ...“ - კაშია მილანთან მატჩზე
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში გურამ კაშიას „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
ქართველი მცველი ბრატისლავური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. კაშიამ „სლოვანში“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სლოვაკურ მედიასთან განვლილი მატჩი შეაჯამა.
რა თქვა კაშიამ:
„ვფიქრობ, პირველ ტაიმში საკმაოდ კარგი სამუშაო გავწიეთ, კარგად ვითამაშეთ და 2-3 რეალური მომენტი შევქმენით. გეგმა გვქონდა, რომ დაცვაში კომპაქტურად გვეთამაშა, პირველ ტაიმში ეს ძალიან კარგად გავაკეთეთ. კონტრშეტევებზეც სახიფათოები ვიყავით. მეორე ნახევარი საერთოდ სხვა ისტორიაა, 5 წუთი ჩამოგვეძინა და როდესაც ასეთ დონეზე იძინებ, 2-3 წუთშიც შეუძლია „მილანის“ დონის გუნდებს დაგსაჯონ. მეორე ტაიმში სულელური გოლები გავუშვით. უკეთესად უნდა გვეთამაშა. მაგრამ ამ გუნდით ვამაყობ და ასევე ამაყი ვარ იმით, როგორც ვითამაშეთ, რადგან დღევანდელი თამაში სხვა მატჩებს ნამდვილად არ ჰგავდა. ქულის აღების შანსი ნამდვილად გვქონდა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა, მაგრამ ვამაყობ იმით, თუ როგორც წარმოაჩინეს ბიჭებმა თავი. ამ დონის ტურნირზე ზუსტად ასე უნდა ვითამაშოთ“.
ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5-დან ხუთივე მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. გურამ კაშიას გუნდი მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ გამართავს.
მიმდინარე სეზონში გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის 14-დან 11 მატჩში ითამაშა, 8 შეხვედრაში სასტარტოში იყო, სამჯერ ცვლილებაზე გამოვიდა და 1 გოლის გატანაც შეძლო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ქართველმა მცველმა ყველა მატჩი სასტარტოდან დაიწყო და 5-დან მხოლოდ ერთ შეხვედრაში შეცვალეს (ზაგრების „დინამოსთან“ 79-ე წუთზე). ასევე, გეტყვით, რომ კაშია „ჟირონასთან“ გუნდის კაპიტანი მთელი მატჩის განმავლობაში იყო, „მილანის“ წინააღმდეგ კი გუნდს 76-ე წუთიდან უკაპიტნა, როდესაც ვლადიმირ ვაისმა პირველი კაპიტანი იურაი კუჩკა შეცვალა.