დინამო ბათუმი, დილა, დინამო თბილისი, გიორგი ჭიაბრიშვილი, სამტრედია
Aa
Aa

3 წითელი, საკამათო პენალტი და 3 გოლი - დინამოების დერბი ბათუმმა მოიგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სტარტი აიღო 34-ე ტურის შეხვედრებმა და პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა.

„დინამო არენაზე“, თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 1:2 დამარცხდა. გულშემატკივარმა „დინამოების“ დერბიში სამი გოლის გარდა, სამი წითელი ბარათიც იხილა.

ანგარიში მე-15 წუთზე ჯალენ ბლესამ საკამათო თერთმეტმეტრიანის შემდეგ გახსნა, რომელიც მთავარმა მსაჯმა თბილისური გუნდის კარში დანიშნა. 27-ე წუთზე კი ნიკა დუმბაძემ მაქაცარიას შეცდომით ისარგებლა და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში, 58-ე წუთზე ნიკოლოზ უგრეხელიძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა, თბილისელებმა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

75-ე წუთზე, გუნდებს შორის მოედანზე მცირე ინციდენტი მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მთავარმა მსაჯმა მოედნიდან მათე ვაწაძე და ჯალენ ბლესა გააძევა, რის შედეგადაც, გუნდები მოედანზე 10-10 კაცით დარჩნენ. შეხვედრის მიწურულს კი მატჩის არბიტრმა მესამე წითელი ბარათიც ამოიღო. ოსკარ სანტისმა ბათუმელთა საჯარიმოში სახიფათო მოქმედების შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და შესაბამისად, „დინამო თბილისი“ მოედანზე 9 კაცით დარჩა. საბოლოოდ, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.

დღის მეორე შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა, სადაც „სამტრედია“ გორის „დილას“ დაუპირისპირდა და ასევე დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა.

34 ტურის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 70 კვლავ იბერია 1999 ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 65 ქულით დროებით გორის „დილა“ აღზევდა, მესამე ადგილზე კი 64 ქულით „ტორპედო“ დაქვეითდა. რაც შეეხება „დინამოებს“, ბათუმის „დინამო“ 52 ქულით მე-4 პოზიციაზეა, „დინამო თბილისი“ კი 39 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

გათამაშების დანარჩენი 4 მატჩი დღესვე გაიმართება. 18:00 საათზე „თელავი“ საკუთარ მოედანზე „სამგურალს“ დაუპირისპირდება, „ტორპედო“ შინ „გაგრას“ მიიღებს, „იბერია 1999“ კი „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლებს. საგულისხმოა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, იბერია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონობას გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები