ლუის ენრიკე
Aa
Aa

8 მარცხი 17 მატჩში | ენრიკემ პსჟ-ში ანტირეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენმა“ გასვლაზე მიუნხენის „ბაიერნთან“ წააგო (0:1). ეს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე პარიზელთა თავკაცის, ლუის ენრიკეს მე-8 მარცხია, რაც პარიზული კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

სულ ენრიკეს ხელმძღვანელობით პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე 17 მატჩი გამართა, საიდანაც 8-ში დამარცხდა. წინა ანტირეკორდი ლორან ბლანს ეკუთვნოდა - 7 მარცხი 30 მატჩში.

მატჩის შემდეგ ენრიკეს მიერ გაკეთებული განცხადებები ოპტიმისტური იყო. ესპანელმა სპეციალისტმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ გუნდი ჯერ შექმნის პროცესშია.

ლუის ენრიკე:

„ჩვენი გუნდი ძალიან საინტერესო პროექტის ნაწილია, რომელიც მომავალზეა გათვლილი. არაერთ მატჩში დაგვიმტკიცებია, რომ საკმაოდ ხარისხიანი გუნდი გვყავს. როდესაც ვაგებთ, მაშინაც კი შემტევი ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ.

მედია ყოველთვის ცდილობს დამნაშავის მოძებნას? საფონოვის შეცდომა? თუ ვინმეა დამნაშავე, ეს მე ვარ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, შეგიძლიათ მხოლოდ მე გამაკრიტიკოთ. ვიცოდით, რომ „ბაიერნი“ მაღალ პრესინგს შემოგვთავაზებდა, და ვიფიქრეთ, რომ ამას ყველაზე კარგად საფონოვი გაუმკლავდებოდა.

ჩემი მიზანია, რომ ყველა ფეხბურთელი მზად იყოს ყოველი მომდევნო მატჩისთვის. მარცხი სამწუხაროა, თუმცა ეს მაძლევს საჭირო ინფორმაციას თითოეული ფეხბურთელის შესახებ, რომელსაც მე შემდეგ ვაანალიზებ“.

შეგახსენებთ, რომ მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ პარიზელთა რუსი მეკარის, მატვეი საფონოვის შეცდომას მოჰყვა.

5 მატჩის შემდეგ პარიზულ კლუბს 4 ქულა აქვს და ამ დროისთვის ლუის ენრიკეს გუნდი სატურნირო ცხრილის 26-ე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არავის რჩევა არ მჭირდება“ - ანჩელოტი ლივერპულთან მატჩის წინ
“არავის რჩევა არ მჭირდება“ - ანჩელოტი ლივერპულთან მატჩის წინ