ეფექტური ჩატენვები და 9 ქულა 12 წუთში | მამუს სან ანტონიომ იუტა დაამარცხა
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. გამთენიისას, „მამუ“ და კომპანია დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდნენ და 128:115 იმარჯვეს.
ქართველ კალათბურთელს შედეგიანი მატჩი ჰქონდა. მამუკელაშვილმა პარკეტზე 12 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა, მაგრამ 9 ქულის, 2 მოხსნისა და 1 ჩაჭრის გაფორმება მოასწრო. სანდრომ 4-დან 4 ბურთი ჩააგდო, რომელთაგან 1 სამქულიანი იყო, და ორი ეფექტური ჩატენვაც შემოგვთავაზა.
„სან ანტონიოს“ მხრიდან ყველაზე მეტი, 34 ქულა ვიქტორ ვემბანიამამ გააკეთა. სტეფონ კასლის ანგარიშზე 23 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა იყო. კრის პოლმა 14 ქულა მიითვალა, ხოლო ბლეიკ უესლიმ - 11. „იუტას“ რიგებში 26 ქულით კიონტე ჯორჯი გამოირჩა. ჯონ კოლინსმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 20 ქულა, 13 მოხსნა.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ ანგარიშზე 10 მოგება და 8 წაგებაა. „სპურსი“ დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს იკავებს და მისი მომდევნო მეტოქე „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ გახლავთ, რომელსაც 28 ნოემბერს დაუპირისპირდება.