რამდენიმე მედალს ჩამოართმევენ? დათუნაშვილი დოპინგ სკანდალში გაეხვა
გამოცემა Ita.sport სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი გახდა, რომ სერბეთის სახელით მოასპარეზე ყოფილ მოჭიდავეს(კარიერა 2023 წლის 7 დეკემბერს დაასრულა) ზურაბ დათუნაშვილს რამდენიმე ტიტული დროებით გაუუქმეს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ 2021 წელს დათუნაშვილი დოპინგ სკანდალში გაეხვა, რომელიც თავდაპირველად არ გახმაურდა. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტიდოპინგურმა სამმართველომ(CAS ADD) დაადგინა, რომ ზურაბმა გაყალბებული მტკიცებულებები წარმოადგინა და მას ეს ბრალი დაუმტკიცდა.
მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, მხარეების მოსმენისა და წერილობითი მტკიცებულებების განხილვის შემდეგ, CAS ADD-მა დაადგინა, რომ ქართველმა სპორტსმენმა ანტიდოპინგური წესები დაარღვია და აკრძალული მეთოდით შარდის ჩანაცვლება მოახდინა.
2021 წლის 27 მაისიდან, 2023 წლის 11 აპრილამდე ყველა მოგებული ტიტული ანულირებულია. ამის შემდეგ, ზურაბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
გასაჩივრების შედეგად დადგინდა, რომ მედლებისა და სპორტული შედეგების ანულირების საკითხი ამ საქმის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერებულია. თუ ყველაფერი დათუნაშვილის სასარგებლოდ გადაწყდება, მას ყველა მოგებული ტიტული დარჩება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 11 სექტემბერს, დათუნაშვილი 87 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იმავე წელს, ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სერბეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. მან არც მეტი, არც ნაკლები, ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა.
ცნობისთვის, თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიურ ბრინჯაოსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ორივე ოქროს მედალს ჩამოართმევენ. ასევე, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონის მედლის ჩამორთმევის შემთხვევაში, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციას გობაძის ვერცხლის მედლით დაკმაყოფილება უნდა მოსთხოვოს, რადგან აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე გობაძემ თავისი ბრძოლა სწორედ ზურაბთან დათმო.