„ხვიჩა მხოლოდ საკუთარ თავს გაუბრაზდა“ - იტალიელი კომენტატორი კვარას ცვლილებაზე
ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა, რიკარდო მანჩინიმ 1 Station Radio-სთან საუბრისას „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის ეპიზოდზე ისაუბრა. 67-ე წუთზე, როდესაც ანტონიო კონტემ ქართველი შემტევი მოედნიდან გაიყვანა, კვარაცხელია აშკარად უკმაყოფილო ჩანდა, რიკარდო მანჩინიმ კი განაცხადა, რომ ხვიჩა მხოლოდ საკუთარ თავს გაუბრაზდა და კონტეს გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილება არ გამოუთქვამს.
რას ამბობს მანჩინი:
„ის მხოლოდ საკუთარ თავს გაუბრაზდა, რადგან ძალიან ჯიუტი იყო და თავისი ჩვეული თამაში ვერ აჩვენა. ლუკაკუს გოლში თავისი დამსახურება მასაც მიუძღვის, მაგრამ ეს არ იყო იმ დონის თამაში, რომელსაც კვარა ისურვებდა. როდესაც ბურთს ატარებდა, ხშირ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა. რა თქმა უნდა, ის საკუთარ თამაშზე ნერვიულობდა და ის სპექტაკლმა, რომელიც აჩვენა, მისთვის იმედგაცრუება იყო“.
„ნაპოლი“ და „რომა“ ერთმანეთს 24 ნოემბერს დაუპირისპირდნენ და მატჩი „პარტენოპეის“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 67-წუთზე გაიყვანა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო. სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩას მომენტები რომასთან:
13 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 29 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 1 დეკემბერს, სტუმრად „ტორინოსთან“ გამართავს.