გულიაშვილის მე-11 გოლი - სარაევომ სტუმრად მოიგო
2-მატჩიანი პაუზის შემდეგ, გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატში მორიგი, მე-11 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პოზიციები განიმტკიცა. 23 წლის ქართველმა შემტევი ტიპის ნახევარმცველმა XIV ტურში GOSK გაბელასთან (0:3) მოგებულ შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე, კარლო ლულიჩის გადაცემით გახსნა, 70-ე წუთზე კი განელმა ფეხბურთელმა ფრანსის კიერემეჰმა შეცვალა.
პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით დედაქალაქელებმა სწორედ გულიაშვილის გოლით მოიგეს, შესვენების შემდეგ კი მასპინძლების კარში მეორე ბურთი ბუბანიამ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი გიორგის ნაცვლად მოედანზე შესულმა კიერემეჰმა დააფიქსირა. გულიაშვილი საკმაოდ აქტიური იყო, ბევრს გადაადგილდებოდა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
თოთხმეტ ტურში დაგროვებული 34 ქულით „სარაევო“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზრინსკის“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება, თუმცა გულიაშვილსა და მის თანაგუნდელებს უშუალო კონკურენტზე ერთით მეტი მატჩი აქვთ გამართული. გიორგი ბომბარდირთა დავას 11 გოლით ლიდერობს და გარდა ამისა, მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაცაა.