ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„ბევრ ტექნიკურ შეცდომას უშვებდა, რის გამოც...“ - იტალიური მედიის შეფასება

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანტონიო კონტემ 67-ე წუთზე, დავიდ ნერეშით შეცვალა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი აქტიურობდა და გოლის გატანის ბრწყინვალე შანსიც ჰქონდა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა.

ხვიჩას მომენტები რომასთან:

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ ქართველი შემტევის თამაში შეაფასა.

რას წერენ სააგენტოები:

Eurosport.it – 5.5 ქულა: შეხვედრის სტარტზე აშკარა საგოლე შანსი ვერ გამოიყენა. კარიდან რამდენიმე ნაბიჯში თავით დაარტყა და ააცილა. ბურთი ბევრჯერ მიიღო, თუმცა, პირველ ტაიმში ცოტა გამწვავება ჰქონდა, ცუდად შეასრულა საჯარიმოც. ჩვეულად არ ანათებდა და უფერული საღამო ჰქონდა.

Tuttonapoli – 6 ქულა: გოლის გასატანად მზად იყო, თუმცა, თავურის შემდეგ მიზანს მცირედი დააკლდა. ოლივეირასთან ერთად ბურთს ბრწყინვალედ ათამაშებდა, ერთ-ერთი ასეთი გათამაშება კი ბრწყინვალე სეივით დასრულდა. ბევრი შეცდომა ჰქონდა და საბოლოოდ, მისი შეცვლა სწორი იყო.

Sport.Virgilio – 5 ქულა: შეხვედრის დაწყებისთანავე გოლის გატანის საკმაოდ მარტივი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. გუნდიდან ერთადერთი იყო, რომელიც კაცის მოტყუებას ცდილობდა, მაგრამ მისი მოძრაობა წარმატებული იშვიათად იყო. მეორე ტაიმში ბურთი ორ სახიფათო სიტუაციაში დაკარგა და შედეგად, კონტემ მისი შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

Calcionapoli1926 – 6 ქულა: პირველ ტაიმში ყველა გზით ცდილობდა რაიმე განსაკუთრებულის შექმნას და რიგ შემთხვევაში ეს გამოსდიოდა, რიგ შემთხვევაში კი ოპონენტები აჩერებდნენ. პირველივე წუთებში ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა თავური დარტყმა ცუდად შეასრულა. მეორე ნახევარში მატჩიდან თითქოს გაქრა და ტექნიკური შეცდომების მთავარი გმირი გახდა, რის გამოც, კონტემ სათადარიგო სკამისკენ გაუშვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 13 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 13 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ სატურნირო ცხრილში 29 ქულა აქვს და კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 დეკემბერს, სტუმრად „ტორინოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები