შენგელიას და ბოლდუინის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ფინეთი გაანადგურა
Eurobasket 2025-ის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურში, საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ფინეთს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 17 ქულის სხვაობით, 81:64 გაიმარჯვა.
მატჩი ფინელთა უპირატესობით დაიწყო და სტარტზე სტუმრები 10 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა, ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა თამაშში დაბრუნება მალევე შეძლო და დიდი ბრძოლის შემდეგ პირველი მეოთხედი 4 ქულით დავთმეთ - 17:21.
მეორე მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ფაქტობრივად, ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, თუმცა, მეოთხედი ჩვენი გამარჯვებით, 21:19 დასრულდა, თუმცა, დიდ შესვენებაზე ფინელები 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 38:40.
მესამე მეოთხედი კვლავ ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 17:13 დასრულდა და საქართველოს ნაკრები საერთო ანგარიშშიც დაწინაურდა - 55:53.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქის გატეხვა დასკვნით მეოთხედში შეძლო. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ფინეთი ფაქტობრივად ყველა კომპონენტში დაჯაბნა და შანსი არ დაუტოვა. ჩვენმა გუნდმა მეოთხედი 15 ქულის სხვაობით, 26:11 მოიგო და საბოლოოდ, 17 ქულის სხვაობით, 81:64 გაიმარჯვა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას და კამარ ბოლდუინს, რომლებმაც საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშეს. ჩვენმა კაპიტანმა 33 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ბოლდუინმა კი 36 წუთში 22 ქულას, 8 მოხსნასა და 5 ასისტს მოუყარა თავი. ასევე, შედეგიანი იყო დუდა სანაძეც, რომელმაც 29 წუთში 12 ქულა ჩააგდო.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე მორიგ შეხვედრებს 2025 წლის თებერვალში გამართავს. 21 თებერვალს ჩვენი გუნდი საკუთარ კედლებში დანიის ნაკრებს მიიღებს, 24 თებერვალს კი სტუმრად, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.