მორიგი მიღწევა - სინერი არ ჩერდება
ალექს დე მინორის ორ სეტში (6:4, 6:4) დამარცხების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა იანიკ სინერმა იტალიის ნაკრები დევისის თასის ფინალში გაიყვანა და ბუნებრივია, სამშობლოში გულშემატკივრებს თავი კიდევ უფრო მეტად შეაყვარა, თუმცა ამავდროულად ის ერთი საინტერესო მიღწევის ავტორიც გახდა.
დე მინორთან გამარჯვება სინერისთვის 2024 წელს რიგით მეთვრამეტე მატჩი იყო, რომელშიც მან ტოპ-ათეულის წარმომადგენელი დაამარცხა და გახდა ისტორიაში რიგით მეშვიდე ჩოგბურთელი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ელიტის წევრებთან ამდენი მოგება იზეიმა. მსგავსი რამ აქამდე ბიორნ ბორგს, ჯონ მაკინროის, ივან ლენდლის, როჯერ ფედერერს, რაფაელ ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს ჰქონდათ გაკეთებული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იანიკ სინერი წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა და თანაც, შეჯიბრება ისე მოიგო, რომ ერთი სეტიც არ დაუთმია. გასული წლის მანძილზე ის დოპინგ-სკანდალშიც გაეხვა, თუმცა მისი დანაშაულის დამტკიცება ვერ შეძლეს და ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას გადაურჩა.