ტონგა დავამარცხეთ - ბორჯღალოსნებმა წელი გამარჯვებით დაასრულეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტების მესამე მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტონგას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 22:7 დაამარცხა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რასაც ისიც მოწმობს, რომ გუნდებმა პირველ ნახევარში ერთმანეთის ჩათვლის ნახევარზე ვერც ერთი ქულის აღება ვერ შეძლეს და უნდა ითქვას, რომ ამის ბევრი შანსიც არ ყოფილა. პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარი კი პირველივე წუთიდან „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით დაიწყო, რაც გარდასახულ ლელოში გადაიზარდა. ტაიმის დებიუტში ტონგელთა ნახევარზე ლელოს დადება სანდრო თოდუამ შეძლო, რომელსაც ლუკა მატკავას მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა - 7:0.
54-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა ტონგელთა შეტევა მოიგერიეს და საპასუხო შეტევაზე დავით ნინიაშვილმა მეტოქის ნახევარზე მეორე ლელო დადო, რომელიც ვიდეო რეფერიზე გადამოწმების შემდეგ გაუქმდა. მთავარმა მსაჯმა ტონგელთა შეტევის მოგერიებისას სახიფათო ბოჭვაზე დაგვაჯარიმა და ყვითელი ბარათითაც დაგვსაჯა.
ეპიზოდიდან მალევე, „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ერთი შეტევა განავითარეს, რომელიც საჯარიმო ლელოთი დასრულდა. ტონგას მორაგბემ ჩათვლის ზონასთან მისული აკა ტაბუცაძე მაღალი ბოჭვით შეაჩერა და შედეგად, საჯარიმო ლელო დაიდო, თავად კი ყვითელი ბარათი მიიღო - 14:0.
68-ე წუთზე თავი ლუკა მატკავამ გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმო დარტყმით ანგარიში 17:0 გახადა.
72-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მესამე ლელო დადო. ქართველი მორაგბეების ბრწყინვალე კონტრშეტევა აკა ტაბუცაძემ დააგვირგვინა, რომელმაც ფაქტობრივად მთელი მოედანი გაირბინა და სისწრაფეში ყველას აჯობა - 22:0.
ზუსტად ორ წუთში, რიჩარდ კოკერილის გუნდი მოედანზე 14 კაცით დარჩა. მთავარმა მსაჯმა რაქში არასწორი შესვლის გამო მოედნიდან ლუკა ნიორაძე გააძევა.
ტონგელებმა თავის გამოჩენა შეხვედრის მიწურულს შეძლეს და მათი ლელოს შემდეგ შეხვედრაც ჩვენი გამარჯვებით, 22:7 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში სამი ტესტ-მატჩი გამართა. 10 ნოემბერს, რიჩარდ კოკერილის გუნდი ახალი ზელანდიის A ნაკრებთან 31:13 დამარცხდა, 17 ნოემბერს, იტალიის წინააღმდეგ გამართული მატჩი 20:17 დათმო, ტესტ-მატჩები კი დღეს, ტონგასთან დამაჯერებელი გამარჯვებით გამარჯვებით დაასრულა.