იაშვილი: „უცხო ქვეყნის მაისურით ქართველ გულშემატკივარს ვეღარ ნახავთ“
ნოემბრის სანაკრებო მატჩების დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ეროვნულ და 21-წლამდე ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებთან, ვილი სანიოლთან და რამაზ სვანაძესთან მოქმედი კონტრაქტები 2028 წლამდე გაახანგრძლივეს. ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე გასულ ზაფხულს ითამაშა, სვანაძის მომზადებული ახალგაზრდები კი ევროფორუმზე მომავალ ზაფხულს იასპარეზებენ.
ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარ მიზეზებზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ისაუბრა.
ალექსანდრე იაშვილი
ზედიზედ მესამე ზაფხულს ევროპის ჩემპიონატი ქართველი ფეხბურთელების გარეშე არ ჩაივლის, რაც უდიდესი წარმატებაა. მახარებს ის ფაქტი, რომ ეროვნულის გარდა, წარმატებას ასაკობრივი ნაკრები გუნდებიც აღწევენ, რადგან უდიდესი მნიშვნელობას აქვს, რომ ფეხბურთელს მცირე ასაკიდანვე გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდეს.
ვუყურებ ეროვნული გუნდის საშინაო მატჩებს ხოლმე და მახარებს ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის ნაკრების მაისურით ერთ გულშემატკივარსაც ვეღარ ნახავთ. ყველა საქართველოს ეროვნული გუნდის ამუნიციით არის შემოსილი, რაც ამ თაობის დამსახურებაა.
ალექსანდრე იაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რამაზ სვანაძემ 21-წლამდელების გარდა, ლამის ყველა ასაკობრივ ნაკრებში წარმატებას მიაღწია და მისი გუნდის წევრებს 11-მეტრიანების სერიაში ხორვატების დამარცხება მიულოცა.