ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

რა შეიცვლება აზაროვის გარშემო? ახლა პუშიჩი უფრო მეტად ენდობა

უკრაინის ჩემპიონატის მე-14 ტურში „შახტარმა’’ „ინგულეცი’’ 6:0 გაანადგურა. „შახტარის’’ მთავარმა მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა ირაკლი აზაროვთან დაკავშირებით გასულ ორ ტურში განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო, ორივე მატჩში სასტარტოში დააყენა.

მე-13 ტურში „ზორიასთან’’ აზაროვი სასტარტოში იყო და ტრავმის გამო 32-ე წუთზე კონკურენტმა პედრო ენრიკემ შეცვალა. შემდეგ ქართველი მარცხენა მცველი 21-წლამდე ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრა, ხორვატიასთან ისტორიულ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, პირველ მატჩში კაპიტანი იყო, კლუბში დაბრუნების შემდეგ პუშიჩმა სასტარტოდან დააწყებინა და 90 წუთი ათამაშა. აზაროვის კონკურენტი პედრო ენრიკე ავადმყოფობის გამო სამატჩო განაცხადში არ იყო.

აზაროვი შეტევაში აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა „ინგულეცთან’’ მატჩში, სადაც მისმა გუნდმა 6 გოლი გაიტანა, მას საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. მეტიც, მისი თამაშის ერთი მომენტიც ვერ მოხვდა მატჩის გამორჩეულ ეპიზოდებში. მოკლედ, კარგია რომ მეტ სათამაშო დროს იღებს, თუმცა შეტევაში მის თამაშს სიმწვავე აკლია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული მედია აზაროვს იმ ფეხბურთელებში მოიაზრებს, რომლებმაც შესაძლოა ზამთარში კლუბი დატოვონ, თუ მისი პროდუქტიულობა გაიზრდება, შესაძლოა პედრო ენრიკესთან კონკურენცია მოიგოს და ვითარება რადიკალურად შეიცვალოს.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ირაკლი აზაროვმა უკრაინის ჩემპიონატის 13-დან 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ექვსივე მატჩი სასტარტოდან დაიწყო, თუმცა ბოლო ორ მატჩამდე აზაროვს რეგულარულად სასტარტოში ვერ ვხედავდით. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პედრო ენრიკე ოთხივე მატჩში სასტარტოში იყო და აზაროვს ერთი წუთიც არ უთამაშია. „შახტარი'' შემდეგ მატჩს 28 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან ჩაატარებს და საინტერესოა ამჯერად ვინ მოხვდება საწყის თერთმეტეულში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საჟმა ისევ სკამზე დასვა - მიქაუტაძემ რეიმსთან 11 წუთი ითამაშა
საჟმა ისევ სკამზე დასვა - მიქაუტაძემ რეიმსთან 11 წუთი ითამაშა