ფლიკი: “ზოგჯერ ჩანს, რომ გამარჯვება ადვილია, მაგრამ ასე არ არის“
ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონამ ქულები დაკარგა. კატალონიური გრანდი სელტას ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
თამაშის შემდეგ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ფლიკმა?
„საქმე ბოლო 10 წუთში არ იყო. ჩვენ მთლიანად ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ცვლილებებს იმის მიხედვით არ ვაკეთებ, ვის აქვს ყვითელი ბარათი და ვის არა. ბურთთან ერთად ბევრი შეცდომა დავუშვით. კასადოს შეცვლა არც მიფიქრია. ცვლილებას მხოლოდ მაშინ ვაკეთებ, როდესაც ვინმეს თამაში არ მომწონს.
გავის კარგი თამაში მინახავს და ეტაპობრივად გაუმჯობესდება. იმედი მაქვს, 90 წუთის უნაკლო დონეზე ჩატარებას მალე შეძლებს. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ გუნდისგან ვერ ვნახე ის, რაც მინდოდა. ფეხბურთელებს უნდა ვესაუბრო და რაღაცები შევცვალოთ. ახლა ბედნიერები არ ვართ, რადგან შესაძლო 6 ქულიდან, მხოლოდ ერთი ავიღეთ.
მეუბნებოდნენ, რომ „ბალაიდოსი“ რთული მოედანია. იქ მუდამ ქარი და წვიმაა, მაგრამ წაგებას ამას ვერ დავაბრალებთ. ზოგჯერ ჩანს, რომ გამარჯვება ადვილია, მაგრამ ასე არ არის. კუნდეს შეცდომა? ეს მთელი თამაშის შედეგი იყო.“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, ბარსელონა რეალს 7 ქულით უსწრებს, თუმცა სამეფო კლუბს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ორივე თამაშის მოგების შემთხვევაში, რეალს და ბარსას შორის სხვაობა 1-ქულამდე შემცირდება.