ტოტენჰემი, პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლას ზედიზედ მეხუთე მარცხი - „ასეთ რამეს მიჩვეულები არ ვართ“

პრემიერლიგის მე-12 ტურში პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტიმ“ „ეტიჰადზე“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და მწარე მარცხი იწვნია - მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. „ტოტენჰემის“ რიგებში დუბლი შეასრულა ჯეიმს მედისონმა, მესამე გოლი პედრო პორომ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ბრენან ჯონსონმა დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ გუარდიოლამ განაცხადა, რომ „სიტის“ დაცვა ძალიან მოწყვლადი გახდა.

„ისევ კარგად დავიწყეთ მატჩი, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ, შემდეგ კი გავუშვით. ამის შემდეგ „ტოტენჰემმა“ მეორე ბურთიც გაგვიტანა, რაც ემოციურად ჩვენთვის რთული აღმოჩნდა.

8 წლის განმავლობაში ჩვენ ასეთ რამესთან შეხება არ გვქონია. ეს უნდა გადავხარშოთ და მოუგებელი სერია შევწყვიტოთ - ამისთვის კი საჭიროა მომდევნო მატჩის მოგება. ახლა ყველაფერს ერთი გადასახედიდან ვაფასებთ, თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში ყველაფერი შეიცვალოს.

როდესაც ვიგებთ, კარგ ხასიათზე ვართ, და ვნერვიულობთ, როდესაც ვმარცხდებით - ეს ბუნებრივია. მე ან ფეხბურთელებს რომ მარცხის შემდეგ არ გვენერვიულა, ეს პრობლემა იქნებოდა. ასეთ რამეს მიჩვეულები არ ვართ, თუმცა ასეთია ცხოვრება და ამას უნდა შეეგუო.

როდესაც ასეთ მატჩებს აგებ, პრობლემა ტაქტიკა არაა. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული დეტალები, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება შენი გუნდის რეაქცია ამა თუ იმ მომენტზე. ყველაფერი იცვლება, როდესაც პრემიერლიგაში ზედიზედ სამ მატჩს აგებ. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „სიტიმ“ ლიგის თასზე „ტოტენჰემთან“ წააგო (1:2), პრემიერლიგაში - „ბორნმუთთან“ (1:2) და „ბრაიტონთან“ (1:2), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე - „სპორტინგთან“ (1:4). 

აღსანიშნავია, რომ პეპ გუარდიოლამ ზედიზედ ხუთი მატჩი კარიერაში პირველად წააგო. მისი ყველაზე ცუდი სერია 2015 წლით თარიღდებოდა, როდესაც გუარდიოლას გაწვრთნილმა „ბაიერნმა“ ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო.

აქვე გეტყვით, რომ ბოლოს „სიტი“ საკუთარ მოედანზე 2022 წლის 12 ნოემბერს, „ბრენტფორდთან“ დამარცხდა, ხოლო ოთხბურთიანი სხვაობით „ქალაქელებმა“ აქამდე 2017 წელს წააგეს.

ცნობისთვის, მომდევნო მატჩს „სიტი“ 26 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე, „ფეიენოორდის“ წინააღმდეგ გამართავს, 1 დეკემბერს კი „ენფილდზე“ პრემიერლიგის ლიდერ „ლივერპულს“ ეწვევა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მოგზაურობა გრძელდება" - გუარდიოლამ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
„მოგზაურობა გრძელდება" - გუარდიოლამ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა