ზურიკომ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა | სენტ-ეტიენმა მონპელიეს მოუგო
ლიგა 1-ის მე-12 ტურში „სენტ-ეტიენმა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი იცავს, ბოლოადგილოსან „მონპელიეს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა (1:0).
ერთადერთი გოლი მატჩის 47-ე წუთზე გავიდა, როდესაც საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად „მწვანეების“ ნახევარმცველმა, ბენჟამენ ბუშუარიმ დაარტყა.
რაც შეეხება დავითაშვილს, ოლივიე დალ’ოლიომ ის ძირითადში ათამაშა და 87-ე წუთზე შეცვალა. ქართველ გარემარბს 51-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ერთი ერთზე გასულს მეკარემ აჯობა.
ზურიკომ Sofascore-ისგან 6,5-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: დრიბლინგის 1 წარუმატებელი მცდელობა, ბურთთან 23 შეხება, 17-დან 15 ზუსტად შესრულებული პასი (88%), კარში 2 დარტყმა, 1 ჩაჭრა, 3 წაგებული პოზიციური დუელი და 5 დაკარგული ბურთი. დავითაშვილმა ორჯერ დაარღვია წესები და ყვითელი ბარათიც მიიღო.
ზურიკოს გამორჩეული მომენტები:
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში დავითაშვილს „სენტ-ეტიენის“ მაისურით 12 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
12 მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 13 ქულა დაუგროვდა და ამ დროისთვის ზურიკოს გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს ზურიკოს გუნდი 30 ნოემბერს გასვლაზე, „რენის“ წინააღმდეგ გამართავს.