ჯგერენაიას გამარჯვების გოლი - იბერია ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ბათუმის „დინამო’’ შინ „იბერია 1999’’-თან 0:1 დამარცხდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ლევან კორღალიძის გაწვრთნილი „იბერია 1999'' პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისის „ტორპედოს'' 6 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში კორღალიძის გუნდი აუტსაიდერ „კოლხეთს'' დაუპირისპირდება. ანალოგიურად, „ტორპედოს'' მეტოქე ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლი „გაგრა'' იქნება. ორივე შეხვედრა 27 ნოემბერს გაიმართება.
„იბერია 1999''-თან მატჩის 45-ე წუთზე აჭარული გუნდის მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა გიორგი კოხრეიძეს პენალტი აუღო. გამარჯვების გოლი 64-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ გაიტანა. 71-ე წუთიდან ბათუმის „დინამო’’ რიცხობრივ უმცირესობაში იყო, არტიუმ მილჩენკომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
გორის „დილამ'' „თენგიზ ბურჯანაძეზე'' სენეგალელი იბრაჰიმა დრამეს გოლით თბილისის „დინამოს'' მოუგო. დრამე ცვლილებაზე 82-ე წუთზე გამოვიდა და მე-5 დამატებულ წუთზე ტაირელ ვოუტერის საგოლე გადაცემით გამარჯვების გოლი შეაგდო.
„დილა'' 62 ქულით მე-3 ადგილზეა, მეოთხეადგილოსან ბათუმის „დინამოს'' 13 ქულით უსწრებს, მეორე საფეხურზე მყოფ „ტორპედოს'' 2 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, 27 ნოემბერს, „სამტრედიას'' ესტუმრება.
ფოტო: „იბერია 1999''-ის პრესსამსახური