ბუდუს კარგი მატჩი და გოლი - კარლსრუემ მოიგო და მე-2 ადგილზეა
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-13 ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „ფიურტს“ ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ამ მატჩს „კარლსრუესთვის“ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბუდუს გუნდი ლიდერ „პადერბორნსა“ და „ჰანოვერს“ 4 ქულით ჩამორჩებოდა. ზოგადად, მეორე ბუნდესლიგაში პირველიდან მე-10 ადგილამდე დიდი სიმჭიდროვეა, რაც ჩემპიონატს ორმაგად დაძაბულს ხდის.
შეხვედრა მე-13 ადგილოსანი „ფიურტის“ გოლით დაიწყო. მე-20 წუთზე ბრანიმირ ჰრგოტამ „კარლსრუეს“ დაცვის არადამაჯერებელი თამაშით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე 46-ე წუთზე ბუდუმ ანგარიში გაათანაბრა. თავისივე წამოწყებული შეტევა თავადვე დაასრულა და სეზონში მე-11 გოლი გაიტანა. უშუალოდ ბუნდესლიგაში კი მე-9.
73-ე და 79-ე წუთებზე კონტემ და შლაუსნერმა „კარლსრუე“ 3:1 დააწინაურეს, თუმცა 83-ე წუთზე საშა ბანსმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს.
ბუდუმ 93-ე წუთამდე ითამაშა, ბოლოს კი მწვრთნელმა დროის გასაყვანად შეცვალა. ჯამში კარგი მატჩი ჰქონდა, გოლის გატანის მეორე შანსიც მიიღო და მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო. ზივზივაძის გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ 23 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და „ჰანოვერს" ერთით ჩამორჩება, რაც ბუნდესლიგაში პირდაპირ პლეი-ოფის გარეშე დაბრუნების საშუალებას იძლევა.
ბუდუს ყველა მომენტი
მე-14 ტურში „კარლსრუე“ შინ „ჰამბურგს“ უმასპინძლებს. მატჩი 1 დეკემბერს 16:30-ზე დაიწყება.