ჩხეტიანმა ტორპედოს მოუგო - საჩემპიონო შანსები შემცირდა
Crystabelt ეროვნული ლიგის XXXIII ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა „ტორპედომ“ სტუმრად წააგო „კოლხეთთან“ (1:3), რომელსაც ამ შეხვედრამდე 11-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ქუთაისელებმა იმ კახა ჩხეტიანის მომზადებულ ფოთელებთან დაკარგეს უმნიშვნელოვანესი ქულები, რომლის სახელსაც ბოლო წლებში ქუთათურების ყველა წარმატება უკავშირდება.
მასპინძლებმა სწრაფი გოლი გაიტანეს - მეთერთმეტე წუთზე გაბრიელ ფერეირას მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული პასის შემდეგ, ნიკოლოზ სანდოხაძეს ბურთი აეჭრა და საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი ტაიმის ბოლოს კი არბიტრმა ერთ-ერთი ეპიზოდის დროს, ლაშა შერგელაშვილი დამნაშავედ სცნო და 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად კირილ კლიმოვმა აქცია.
მეორე ნახევრის დასაწყისში „ტორპედოს“ კარში კიდევ ერთი პენალტი ამჯერად უკვე ნიკოლა ნინკოვიჩის გამო დაიდო, თუმცა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გიორგი ახალაძემ ვერ გამოიყენა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში კი ნინკოვიჩის პასით ფელიპე პირესმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და თითქოს მატჩს ინტრიგა დაუბრუნდა. თუმცა, 81-ე წუთზე სტუმართა საუკეთესო ბომბარდირმა ბიორნ იონსენმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სტივ კინის შეგირდებმა ვეღარაფრის გაკეთება ვეღარ მოახერხეს. პირიქით, ცვლილებაზე შესულმა გიორგი აბუაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ტორპედოს“ საჩემპიონო შანსები მინიმუმამდე შეამცირა.
დარჩენილ სამ ტურში ქუთაისელები „გაგრას“ (შინ), „სამგურალს“ (სტუმრად) და „თელავს“ (შინ) შეხვდებიან. იქამდე კი, ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში მათი მთავარი კონკურენტი „იბერია“ დღეს სტუმრად „დინამო ბათუმთან“ ითამაშებს.