„ზამთარში უნდა გაყიდონ“ - უკრაინული მედია აზაროვის მომავალზე
დონეცკის „შახტარის“ ქართველი მარცხენა მცველისთვის ირაკლი აზაროვისთვის მიმდინარე სეზონი არც ისე კარგად მიდის, რადგან 22 წლის ფეხბურთელს თამაში იშვიათად უწევს და შესაძლოა იანვარში გუნდის დატოვებაც მოუწიოს.
უკრაინული გამოცემა Sport-ი 5 ფეხბურთელის შესახებ წერს, რომლებიც კლუბის გეგმებში აღარ შედიან და ზამთარში იჯარით ან სრული გამოსყიდვით გუნდს შეიცვლიან.
„გასულ ზაფხულს, შახტარმა ცრვენა ზვეზდას ბევრისთვის მოულოდნელად ირაკლი აზაროვის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაუხადა. ქართველმა ჩემპიონატში 22 შეხვედრა ჩაატარა, ევროთასებზე 6 და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა. მაგრამ ამ სეზონში მთავარი მწვრთნელი მარიო პუშიჩი უფრო მეტად ბრაზილიელ მცველს პედრო ენრიკეს ენდობა, ჩემპიონთა ლიგის ოთხივე ტურში ითამაშა, აზაროვმა კი სასტარტოში ადგილი დაკარგა.
აზაროვი დღეს როტაციის მოთამაშედ ითვლება, ეს მისთვის სასურველი სტატუსი არ არის და ქართველი კლუბის დატოვებაზე ფიქრობს. მწვრთნელმა განაპირა მცველებს როლები ისე შეუცვალა, რომ განმარტება არ გაუკეთებია.
ამ ვითარებიდან გამომდინარე, კლუბმა აზაროვი ზამთარში უნდა გაყიდოს, რადგან მისი ფასი მიმდინარე სეზონში აღარ გაიზრდება. ყველაფრის ფონზე ალოგიკური და აუხსნელია ის გადაწყვეტილება, რაც კლუბმა ზაფხულში მიიღო, როდესაც აზაროვის სანაცვლოდ 10 მილიონიანი წინადადება მიიღო და არ გაყიდა.
ირაკლი აზაროვის თადარიგში აღმოჩენის ობიექტურ მიზეზად მისი დაბალშედეგიანობაა მიჩნეული. ფეხბურთელმა 27 შეხვედრაში მხოლოდ 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, დაცვაში თამაშის თვალსაზრისით, მის მიმართ კითხვის ნიშნები ყოველთვის იყო“.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეორედ ითამაშებს. ეს ტურნირი მისთვის თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი იქნება.