მეხუთე ბარსელონელი - ინტერ მაიამი მასკერანოს ჩააბარეს
ცნობილი იტალიელი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხავიერ მასკერანო დაინიშნება. 40 წლის არგენტინელ სპეციალისტთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება იგეგმება და ის ამ პოსტზე თანამემამულე ხერარდო მარტინოს შეცვლის.
მარტინომ დაუდასტურებელი ინფორმაციით წასვლა პირადი პრობლემების გამო გადაწყვიტა, მაგრამ ვერც შედეგები ჰქონდა სახარბიელო და თავად რომ არ წასულიყო, კლუბის ხელმძღვანელობა მას პლეი ოფის პირველივე ეტაპზე საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედთან“ მარცხს სავარაუდოდ არ აპატიებდა და კარისკენ მიუთითებდა.
მასკერანოს ახალ გუნდთან ადაპტაცია არ გაუჭირდება, რადგან ლიონელ მესის, ლუის სუარესის, ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსის სახით შეგირდებად „ბარსელონაში“ მისი ყოფილი თანაგუნდელები ეყოლება. მასკეს ბოლო სამუშაო ადგილი არგენტინის 20-წლამდე ნაკრები იყო და ამ გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 22 მატჩიდან 13 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.