„ისინი ჯანმრთელობას გვინადგურებენ“ - კამპაცო თოკოს თავგანწირვაზე
24 საათში დაფარული 2 500 კილომეტრზე მეტი, ორ მატჩში ნათამაშებ 67 წუთში საერთო ჯამში დაგროვებული 47 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა - თორნიკე შენგელიას თავგანწირვამ მთელ ევროპაში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და ფიბასა და ევროლიგას შორის არსებული უთანხმოების მოგვარების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ, მთელი სიმწვავით დააყენა.
ცნობილმა სპორტულმა გამოცემებმა გაიხსენეს, რომ შენგელიას მსგავსი გმირობის ჩადენა თითქმის ყველა სანაკრებო ფანჯრის დროს უწევს, რადგან ევროლიგის მატჩები შესარჩევი ეტაპის შეხვედრებამდე ლამის ყოველთვის ერთი დღით ადრე ინიშნება და თოკო იძულებულია როგორც კლუბს, ასევე ნაკრებს დაეხმაროს. წლევანდელ სეზონში და მოცემულ მომენტში როგორც „ვირტუსს“, ასევე საქართველოს ნაკრებს, შესაბამისად „ფენერბაჰჩესთან“ და ფინეთის ეროვნულ გუნდებთან თამაშებამდე რთული სატურნირო მდგომარეობა ჰქონდათ და ლიდერს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაასვენებდნენ.
ცნობილმა არგენტინელმა კალათბურთელმა, ფაკუნდო კამპაცომ კი, რომელიც ფიბასა და ევროლიგის ხელმძღვანელებს აქამდეც ღიად აკრიტიკებდა, რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში შენგელიას ფოტო გამოაქვეყნა და კომენტარად მიაწერა, რომ ამ ორგანიზაციების კონფლიქტის გამო, კალათბურთელები საკუთარ ჯანმრთელობას ინადგურებენ, თოკოს საქციელს კი ბუნებრივია სამაგალითო უწოდა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ამჟამად თბილისშია და საქართველოს ნაკრებთან ერთად, ფინელებთან გასამართი ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც „თბილისი არენას“ დარბაზში ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება.