„ფეხბურთისადმი ხალხის ინტერესს კლავს“ - ბლატერი ინფანტინოზე
ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მედიის წარმომადგენლებთან იშვიათად ჩნდება, მაგრამ როდესაც რომელიმე გამოცემას ინტერვიუს აძლევს, მუდამ ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. ასე მოხდა ამჯერადაც - 88 წლის შვეიცარიელი ფუნქციონერი ერთ-ერთი სპორტული გადაცემის სტუმარი გახლდათ და შეკითხვაზე, თუ როგორი იყო მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო მისი მისვლის დროს და როგორია ახლა, საკმაოდ საინტერესო პასუხი გასცა და ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს გაკრიტიკებასაც არ მოერიდა.
რას ამბობს ბლატერი
იცით რა მითხრა 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩემმა წინამორბედმა ჟოაო აველანჟმა? რომ ფიფამ პირველი რეალური შემოსავალი სწორედ ამ მუნდიალიდან მიიღო და რომ მე ჩვეულებრივი ორგანიზაციისგან მონსტრი შევქმენი. ის მართალი გახლდათ - 1975 წელს, როდესაც ფიფაში პროგრამების განვითარების დირექტორად დავიწყე მუშაობა ეს ერთი საწყალი ორგანიზაცია იყო, რომელიც მე სულ სხვა სიმაღლეზე ავიყვანე.
2016 წელს, როდესაც პრეზიდენტად ჯანი ინფანტინო აირჩიეს, მსუყე სატელევიზიო შემოსავლების ფონზე, ფიფა უკვე ფულის საჭრელი მანქანასავით იყო, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის 48 გუნდამდე გაზრდითა და ახალი, 32-კლუბიანი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსებით, ის ცდილობს მეტი ფული იშოვოს, ფეხბურთისადმი ინტერესს კი კლავს.
შეგახსენებთ, რომ ბლატერი მსოფლიოს ფეხბურთის მმართველ ორგანოში 1981 წლიდან 1998 წლამდე გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა, რის შემდეგაც პრეზიდენტად აირჩიეს და ეს თანამდებობა 17 წლის მანძილზე ეკავა.