აქტიური იყო და ორი მომენტი ჰქონდა | ჩაკვეს უოტფორდმა რუნის პლიმუთს ვერ მოუგო
ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის მე-16 ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სტუმრად უეინ რუნის გაწვრთნილ „პლიმუთს“ დაუპირისპირდა. „კრაზანები“ სამი ქულის აღებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ გოლი ბოლო წამებზე გაუშვეს.
მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა და საგოლე შეტევაში მონაწილეობა „ჩაკვემაც“ მიიღო. ქართველი ფეხბურთელის პასის შემდეგ, იასერ ლარუსიმ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და „პლიმუთის“ კარი ვაკუნ იუსუფ ბაიომ დალაშქრა. 22-ე წუთზე, მასპინძელთა კარს ჩაკვეტაძე დაემუქრა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
23-ე წუთზე, „პლიმუთმა“ წონასწორობა აღადგინა, 41-ე წუთზე კი, რაიან პორტეუსის გოლით „უოტფორდი“ კიდევ ერთხელ დაწინაურდა - 2:1. 57-ე და 58-ე წუთებზე, ჩაკვეტაძეს ორი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა. გიორგის დარტყმას ჯერ მცველები გადაეღობნენ, შემდეგ კი „ჩაკვემ“ შესანიშნავად იმოქმედა და შორიდან გაისროლა, მაგრამ „პლიმუთის“ გოლკიპერმა, დენიელ გრიმშოუმ ბურთი მოიგერია. „პლიმუთმა“ ქულა ბოლო წამებზე გადაარჩინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე, ანდრე გრეიმ დუბლი მიითვალა - 2:2.
ტომ კლევერლიმ ქართველი ფეხბურთელი 74-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ედო კაიემბე გამოვიდა. საბოლოოდ, გიო ბურთს 46-ჯერ შეეხო, 27-დან 24 ზუსტი გადაცემა გააკეთა და ერთხელ დაჯარიმდა.
ცნობისთვის, 16 ტურის შემდეგ, „უოტფორდს“ 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „კრაზანები“ მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს გამართავენ და „ბრისტოლ სიტის“ დაუპირისპირდებიან.