ლევანტეს უგოლო ფრე ფეროლთან - ქოჩორა 75-ე წუთზე შეცვალეს
ლა ლიგა 2-ის მე-16 ტურში „ლევანტე“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი იცავს, „რასინგ ფეროლს“ ესტუმრა - მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა პენალტი გამოიმუშავეს, თუმცა „ლევანტეს“ მეკარემ, ანდრეს ფერნანდესმა ალვარო ხიმენესს კუთხე გამოუცნო.
რაც შეეხება ქოჩორაშვილს, ხულიან კალერომ ის ძირითადში ათამაშა და 75-ე წუთზე შეცვალა. ქოჩორამ Sofascore-ისგან 7,1-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: დრიბლინგის 1 წარუმატებელი მცდელობა, ბურთთან 51 შეხება, 42-დან 38 ზუსტად შესრულებული პასი (90%), 3-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 ართმევა, 9-დან 6 პოზიციური დუელის მოგება და 6 დაკარგული ბურთი. ქოჩორაშვილი ერთხელ მოხვდა თამაშგარეში, ორჯერ დაარღვია წესები და ყვითელი ბარათიც მიიღო.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ქოჩორაშვილს „ლევანტეს“ მაისურით 11 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
14 მატჩის შემდეგ „ლევანტეს“ 23 ქულა დაუგროვდა და ამ დროისთვის ქოჩორაშვილის გუნდი ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქოჩორას გუნდი 27 ნოემბერს შინ, „მალაგას“ წინააღმდეგ გამართავს.