„კონორმა თავი გაინადგურა, ჯონსი სხვა კატეგორიაშია“ | ჯო როგანი
UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა კონორ მაკგრეგორსა და ჯონ ჯონსზე ისაუბრა. როგანმა დაასახელა მთავარი განსხვავება, რომელიც ამ ორ ლეგენდარულ მებრძოლსა და მათ კარიერას ერთმანეთისგან გამოარჩევს.
„ჯონ ჯონსი საერთოდ სხვა კატეგორიაშია. კონორ მაკგრეგორმა, ფულის გამო, თავი გაინადგურა. მან ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლაზე თანხმობა განაცხადა და დიდი ფული იშოვა. MMA-ში გრზელვადიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და იმავე დონის მებრძოლი აღარ ყოფილა.
ვფიქრობ, დიდი ფული და არანორმალური გართობა იყო ის, რამაც ყველაფერი შეცვალა. თუმცა, კარიერის პიკში მყოფი მაკგრეგორი ნამდვილი მკვლელი იყო. ჯონსს რაც შეეხება, ის განსაკუთრებული მებრძოლია და როცა კარიერას დაასრულებს, ყველას ძალიან მოგვენატრება.
ჯონსი საერთოდ სხვანაირი ტიპია. 14 წელია უმაღლეს მწვერვალზე იმყოფება და ჩემპიონი 23 წლის ასაკში გახდა, რაც UFC-ში სარეკორდო შედეგია. 23 წლის ასაკში ტიტული დაისაკუთრა და მას შემდეგ ყველას ანადგურებს. უარი არავისთან ჩხუბზე უთქვამს, საუკეთესოების წინააღმდეგ იასპარეზა, ყველა გაანადგურა და საკუთარ წონით დივიზიონში დომინანტი იყო. შემდეგ მძიმე წონაში ავიდა და იქაც დომინირებს“.
შეგახსენებთ, რომ ჯონსმა ბოლო ბრძოლა სტიპე მიოჩიჩის წინააღმდეგ გამართა და ლეგენდარული მეტოქე დააფინიშა. კონორს რაც შეეხება, იგი ოქტაგონზე 2021 წლის შემდეგ არ გვინახავს.