„ახალგაზრდების ასეთი თამაში არ მაკვირვებს“ - მესი ფლიკის ბარსას აქებს
კატალონიური „ბარსელონას“ ლეგენდა, ლეო მესი, რომელიც ამჟამად „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს, ყოფილი გუნდის ბოლო დროინდელ შედეგებს და გერმანელი თავკაცის, ჰანსი ფლიკის მუშაობას გამოეხმაურა.
ლეოს თქმით, მას ძალიან მოსწონს ის, როგორც თამაშობენ ფლიკის ხელმძღვანელობით „ბარსელონა“ და განსაკუთრებით მისი ახალგაზრდა ფეხბურთელები, თუმცა არგენტინელი ამით გაკვირვებული სულაც არაა.
„რასაც ახალგაზრდა ფეხბურთელები „ბარსელონაში“ აკეთებენ, შთამბეჭდავია, თუმცა მე ეს არ მაკვირვებს, იმიტომ რომ ეს არახალია. ასე ხდებოდა ყოველთვის, ან სულ მცირე მას შემდეგ, რაც 13 წლის ასაკში „ბარსელონაში“ გადავედი.
შესანიშნავია, რომ ახალგაზრდა ბიჭებს ბოლო წლებში ამდენი შესაძლებლობა მიეცათ. როცა მათ შანსი ეძლევად და სამწვრთნელო შტაბი ნდობას უცხადებს, ეს ბიჭები სათანადოდ თამაშობენ, იმიტომ რომ კლუბს ყველაზე კარგად იცნობენ და ამ სტილში თამაშს პატარაობიდან არიან მიჩვეულები“.
შეგახსენებთ, რომ 13 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 33 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. ჩემპიონთა ლიგაზე ჰანსი ფლიკის გუნდი 4 მატჩში 9 ქულით მე-6 ადგილზეა.
რაც შეეხება მესის, ის „ბარსელონაში“ „ნიუელსიდან“ 13 წლის ასაკში გადავიდა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2003 წელს ჰქონდა. მესი „ბარსელონას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (672 გოლი 778 მატჩში). 2021 წელს არგენტინელი თავისუფალი აგენტის სტატუსით პსჟ-ს შეუერთდა.