„20-მილიონიანი სხვაობა - მთავარი პრობლემა კვარასა და ნაპოლის შორის“
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება და მოსალოდნელია, რომ 2025 წლის ზაფხულში ფეხბურთელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
ცნობილი ამბავია, რომ მხარეები ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებიან. თავდაპირველად იყო ხელფასის შესახებ განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ამჯერად ამ ფაქტორმა უკანა პლანზე გადაიწია და მთავარ პრობლემად სულ სხვა დეტალი რჩება.
Sky Sport-ი წერს, რომ კვარას წარმომადგენლებსა და „ნაპოლის“ შორის „20 მილიონიანი სხვაობაა“. აქ იგულისხმება კონტრაქტში შესატანი გამოსასყიდი თანხა.
„ამჟამად პრობლემა იმდენად სახელფასო შეთანხმებაში არ არის. კვარაცხელიას აგენტი 8 მილიონს ითხოვს, ნაპოლი 6-ს სთავაზობს. ეს პრობლემა უკანა პლანზე გადავიდა. ახლა მთავარი კონტრაქტში შესატანი გამოსასყიდი ღირებულების პუნქტია. ფეხბურთელის მხარე 80 მილიონის ჩაწერას ითხოვს, კლუბი კი 100 მილიონზე ნაკლებს არ თანხმდება“.
- წერს იტალიური გამოცემა.
მამუკა ჯუღელი 80 მილიონს ითხოვს, რადგან ამ თანხას კვარაცხელიას სანაცვლოდ ზაფხულში მინიმუმ 2-3 ევროპული გრანდი დაუფიქრებლად გადაიხდის. ხვიჩას აგენტს არ უნდა, რომ ოსიმენის შემთხვევა გამეორდეს, როცა ნიგერიელის გამოსასყიდ თანხად ნეაპოლელებმა 130 მილიონი ჩაწერეს, საბოლოოდ ის არავინ გადაიხადა და ამჟამად ფეხბურთელი იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს.