გიორგი შერმადინი, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

„ურთულესი მატჩი მოვიგეთ“ | რა თქვეს ჯიკიჩმა და შერმადინმა თამაშის შემდეგ

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთს 90:83 მოუგო. მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის თავკაცმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შერმადინმა პრესკონფერენცია გამართეს და შეხვედრა შეაფასეს.

„საოცარი თამაში იყო. ვულოცავ მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს გამარჯვებას. ზუსტად ისეთი მატჩი იყო, როგორიც ჩვენმა თავკაცმა ივარაუდა. ფინელები სწრაფად გვიტევდნენ და ბრწყინვალედ ისროდნენ. გადამწყვეტ მომენტში, დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რამდენიმე სამქულიანი ჩავაგდეთ და გამარჯვებით ბედნიერი ვართ. 3 დღეში, საქართველოში, კიდევ ერთი მატჩი გველოდება და იმედია, იქაც წარმატებას მივაღწევთ. ამ თამაშს მთელმა საქართველომ უყურა და ჩვენს გულშემატკივრებს მოგებას ვულოცავ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო შეხვედრაში მთელი დარბაზი სავსე იქნება“, - განაცხადა შერმადინმა.

„ველოდებოდით, რომ ურთულესი შეხვედრა იქნებოდა და სწორედ ასეთი თამაში გამოვიდა. გავიმარჯვეთ, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ჩემი აზრით, ფინეთმაც საკმარისი გააკეთა, რათა მოეგო. ისე ნამდვილად არაა, თითქოს იდეალურად ვიასპარეზეთ და არაფერი გვაქვს გამოსასწორებელი. ფინეთმა ჩვენს ფარზე ბურთი 25-ჯერ მოხსნა და მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ, რომ მეტოქეს ნასროლი ორქულიანების მხოლოდ 35 პროცენტი ჩაეგდო, რაც კარგი შედეგია.

შეტევას რაც შეეხება, იყო მომენტები, როცა ჩვენი რიტმი ვიპოვეთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა თორნიკე შენგელია ცენტრის პოზიციაზე იდგა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს სახელოვან კალათბურთელებს ვწვრთნი. შერმადინი მათ შორისაა და დაუჯერებელია, როცა მისნაირი მოთამაშე, ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე, ხვდება, გუნდისთვის საჭირო რა არის და მას უპრობლემოდ იღებს. ეს ჩემს სამუშაოს ბევრად ამარტივებს.

ამ შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ. ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთელი ახლახან შემოგვიერთდა, შენგელიამ კი ბოლო 20 დღეში 8 შეხვედრა ჩაატარა, ეს მეცხრე იყო. მიუხედავად ამისა, როგორღაც მოვახერხეთ და სუპერ გუნდი დავამარცხეთ. იმედია, გაკვეთილს მივიღებთ და ვისწავლით, რადგან ფინეთის ორგანიზებულობა და სათამაშო სტილი უნიკალურია. ფინეთს დიდ პატივს ვცემ. მათ ევრობასკეტზე თამაში გარანტირებული აქვთ, რადგან ტურნირის მასპინძლები არიან, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძოლეს და ღირსეულად იასპარეზეს, რაც მისაბაძი მაგალითია“, - აღნიშნა ჯიკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ციკლი წარუმატებლად დაიწყო და ჯერ სტუმრად დანიელებთან 6-ქულიანი სხვაობით, 69:75 დამარცხდა, ხოლო შემდეგ თბილისში სერბებთან 13-ქულიანი სხვაობით, 63:76 წააგო. ჩვენს გუნდს 1 მოგება და 2 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა თანხას იხდიდა პარი სენ-ჟერმენი კვარას სანაცვლოდ | Il Mattino-ს ცნობები
რა თანხას იხდიდა პარი სენ-ჟერმენი კვარას სანაცვლოდ | Il Mattino-ს ცნობები