შეუჩერებელი შენგელია - საქართველომ ფინეთთან რთული მატჩი მოიგო
საქართველოს ნაკრებმა ფინეთში, ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მესამე მატჩი გამართა და 90:83 გაიმარჯვა.
ფინელებმა პირველი ნახევარი 48:43 მოიგეს და უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. დიდი შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მოუმატა და მესამე მეოთხედი 19:15 მოიგო.
ყველაფერი დასკვნით ათწუთეულში გადაწყდა. თორნიკე შენგელიამ ლიდერობა იტვირთა და რთულ მომენტში 4 სამქულიანი ჩააგდო. იყო მომენტი, როცა 12 ქულითაც ვიგებდით, თუმცა ფინელებმა თამაშში დაბრუნება შეძლეს და ბოლო წამები მაინც ძალიან დაძაბული გამოდგა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ბოლო მეოთხედი 28:20 მოიგო.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 24 ქულა, 6 მოხსნა და 5 გადაცემა მიითვალა. რაც მთავარია ბოლო მეოთხედში თოკომ 4 სამქულიანი ჩააგდო, რამაც ანგარიშზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ასევე მაგარი მატჩი ჰქონდა ჩვენს დებიუტანტს, ახალ ნატურალიზებულ ამერიკელს კამარ ბოლდუინს - 23 ქულა, 4 მოხსნა და 5 გადაცემა. გიორგი შერმადინს 10 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა.
შენგელიას 24 ქულა, 6 მოხსნა, 5 გადაცემა
ფინეთში საქართველოს ნაკრებმა ბოლოს 2020 წელს მოიგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ციკლი წარუმატებლად დაიწყო და ჯერ სტუმრადა დანიელებთან 6-ქულიანი სხვაობით, 69:75 დამარცხდა, ხოლო შემდეგ თბილისში სერბებთან 13-ქულიანი სხვაობით, 63:76 წააგო. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და საბედნიეროდ ქართველმა კალათბურთელებმა ეს შეძლეს.
შეხვედრის საუკეთესო მომენტები
აქვე გეტყვით, რომ ნაკრები შემდეგ მატჩს კვლავ ფინეთთან, 24 ნოემბერს თბილისში გამართავს.