„2012 წელს მანჩესტერში გადასვლასთან ახლოს ვიყავი“ | ლევანდოვსკის ისტორია
„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა. პოლონელი თავდამსხმელის თქმით, ის 2012 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა.
„2012 წელს, მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე თანხმობა ვთქვი, რადგან როცა სერ ალექს ფერგიუსონი გირეკავს, შეუძლებელია, უარი განაცხადო. რატომ არ გამოვიდა ტრანსფერი? დორტმუნდს უნდა ჰკითხოთ.
მახსოვს, კლუბის პრეზიდენტს გავესაუბრე და მითხრა, რომ დორტმუნდს ძალიან ვჭირდებოდი, რის გამოც, მანჩესტერ იუნაიტედში არ გამიშვებდნენ. ბედნიერი ვიყავი, მაგრამ პიკში მყოფ მანჩესტერ იუნაიტედზე იყო საუბარი, რომელსაც ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდა“.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი „დორტმუნდში“ 2014 წლამდე დარჩა, შემდეგ კი „ბაიერნში“ გადავიდა. „ლევა“ „რეკორდმაისტერის“ ღირსებას 2022 წლამდე იცავდა, შემდეგ კი „ბარსელონას“ მიაშურა, სადაც დღემდე ასპარეზობს.