რონალდუ თურქეთში? - მოურინიომ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
„კრიშტიანუ რონალდუ „ფენერბაჰჩეში“? - სწორედ ასეთი სათაურით „ააფეთქა“ დღეს თურქული მედიასივრცე ადგილობრივმა სპორტულმა გამოცემამ, Fotomac-მა.
მისი ინფორმაციით, „ფენერის“ თავკაც ჟოზე მოურინიოს სურს, რონალდუ კვლავ თავის გუნდში იხილოს და ამ საკითხზე სტამბოლელებმა „ალ-ნასრთან“ უკვე ისაუბრეს. „ფენერბაჰჩეს“ სპორტულმა დირექტორმა, მარიო ბრანკომ ამ გარიგებასთან დაკავშირებით ისაუბრა როგორც ფეხბურთელის გარემოცვასთან, ასევე მის აგენტთან.
თურქული გამოცემის ცნობით, თავის მხრივ, საუდელები მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. გარდა ამისა, ჟოზე მოურინიო პირადად ესაუბრა კრიშტიანუს და ჰკითხა, ხომ არ აპირებს ის „ალ-ნასრის“ დატოვებას და ხომ არ დაინტერესდება „ფენერში“ თამაშით. საქმე ისაა, რომ „ალ-ნასრთან“ რონალდუს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
Fotomac-ი წერს, რომ „ფენერბაჰჩე“ შეეცდება, იანვარში „საუკუნის ტრანსფერი“ განახორციელოს და რონალდუ სტამბულში ჩამოიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ალ ნასრში“ 2022 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში 15 მატჩში მის ანგარიშზე 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.