სკანდალი ერთა ლიგაზე - საქმე სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა
Aa
Aa

სკანდალი ერთა ლიგაზე - საქმე სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა

ერთა ლიგის მორიგი გათამაშება დასრულდა, თუმცა მისი ერთ-ერთი მატჩის შედეგი შესაძლოა კიდევ შეიცვალოს. საუბარია რუმინეთისა და კოსოვოს მატჩზე, რომელშიც კოსოვოს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C2 ჯგუფში, მეხუთე ტურში რუმინეთმა კოსოვოს უმასპინძლა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, კოსოვოს ფეხბურთელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად დატოვეს და მიზეზად ის დაასახელეს, რომ რუმინელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე სერბეთის დროშები გამოფინეს და ამ ქვეყნის სახელს სკანდირებდნენ.

UEFA-მ კოსოვოს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა და 6 000 ევროთი დააჯარიმა. რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების ქმედებების გამო 128 000 ევროთი დაჯარიმდა, ხოლო მომდევნო მატჩს რუმინელები ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს.

საბოლოო ჯამში, რუმინეთმა ჯგუფში 18 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და B დივიზიონში აღზევდა, ხოლო კოსოვოს B დივიზიონში გადასასვლელად პლეიოფში თამაში მოუწევს, მისი ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე კი საქართველოს ნაკრებია. ახლა კი, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, UEFA-ს გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს.

„ჩვენმა ფეხბურთელებმა სწორად შეაფასეს სიტუაცია, როდესაც გადაწყვიტეს, დისკრიმინაციული მოპყრობისადმი პროტესტის ნიშნად მოედანი დაეტოვებინათ. UEFA-ს გადაწყვეტილება ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით სრულად ამართლებს ჩვენს ქმედებებს, მაგრამ ვერ დავეთანხმებით ჩვენი ნაკრებისთვის 3 ქულის ჩამორთმევას და მივმართავთ ლოზანაში მდებარე სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს. ეს საქმე არ ეხება მხოლოდ კოსოვოს ნაკრებს, ეს რასიზმსა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ნაწილია“.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შემთხვევა იმ კუთხითაა საინტერესო, რომ თუ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ თავის მიზანს მიაღწია და მეხუთე ტურში დაფიქსირებული ტექნიკური მარცხი გაუქმდა, რუმინეთსა და კოსოვოს შორის ქულათა სხვაობა 6-დან 3-მდე შემცირდება, ხოლო თუ მატჩი განმეორებით ჩატარდა და კოსოვოელებმა რუმინელების სასურველი ანგარიშით დამარცხება შეძლეს, B დივიზიონში სწორედ ისინი გადავლენ, ხოლო რუმინეთი შეიძლება საქართველოს ნაკრების მეტოქე გახდეს.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად პლეიოფის მატჩების გამართავს და C დივიზიონში მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება. ამ დროის მონაცემებით, „ჯვაროსნების“ სავარაუდო მეტოქეები არიან სლოვაკეთი, ბულგარეთი, კოსოვო და სომხეთი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დასანანი მარცხი | საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოლებს
დასანანი მარცხი | საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოლებს