„ლეაუს ჰგავს“ - რას ამბობს ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი კვარაზე
„ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ფრანკო კოლომბამ რადიო Radio Punto Nuovo-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ანტონიო კონტესა და კლაუდიო რანიერიზე ილაპარაკა და ამ კონტექსტში ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
მისი თქმით, „ნაპოლი“ მწვერვალისკენ ისწრაფვის, „რომა“ კი კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. ეს 2 გუნდი ერთმანეთს 24 ნოემბერს დაუპირისპირდება.
„კვარა არასტაბილურ თამაშს აჩვენებს? ადრე მას თამაშში უფრო დიდხანს რთავდნენ, ახლა ნაკლებად, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ის ნიჭიერი მოთამაშეა. ჩვენ არ უნდა ველოდოთ კვარასგან, რომ ყველა ეპიზოდის ბედს ის გადაწყვეტს. ახლა მას ყველა იცნობს და ბევრი გუნდი ცდილობს ორმაგად ძალით გაანეიტრალოს - ეს რანიერიმაც მშვენივრად იცის. ზოგიერთ მომენტში მას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, თუმცა ის ლეაუს ჰგავს: თუ სივრცეს მისცემ, გაგანადგურებს, მაგრამ თუ მასზე ზეწოლაა, შეიძლება ბურთი დაკარგოს“, - თქვა კოლომბამ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარამ ნაპოლის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
როგორც მოგეხსენებათ, 12 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ 26 ქულა აქვს და „ფიორენტინას“, „ატალანტას“, „ინტერსა“ და „ლაციოს“ 1 ქულით უსწრებს. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს და „რომას“ დაუპირისპირდება.