ქართველმა კალათბურთელებმა ფინეთში პირველი ვარჯიში გამართეს
ფინეთში ჩასულმა საქართველოს საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. ალექსანდარ ჯიკიჩმა 14 კალათბურთელი ფინეთის ოლიმპიური მზადების ცენტრ urhea-ს დარბაზში 2 საათი ავარჯიშა, რის შემდეგაც დამატებით ნახევარი საათის განმავლობაში სათამაშო ტაქტიკის თეორიულ ნაწილზე ესაუბრა.
ნაკრებმა 13 კალათბურთელით ივარჯიშა. ესენი არიან: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია და ილია ლონდარიძე. თბილისში ტრავმირებული გიორგი ოჩხიკიძე მოედანზე იყო, თუმცა ფეხის ტკივილმა მას აქტიურად ვარჯიშში ჩართვის საშუალება არ მისცა.
პირველად ივარჯიშა ნაკრებთან კამარ ბოლდუინმა, რომელიც დინჯად და მაღალი ოსტატობით ასრულებდა მასზე დაკისრებულ გამთამაშებლის ფუნდამენტურ მოვალეობებს – ბურთის გათამაშებას, დროულ და ზუსტ პასს და, რა თქმა უნდა, ბურთის ჩაგდებას – იქნებოდა ეს შორი და საშუალო სროლით თუ სწრაფი გარღვევით კალათის დალაშქვრა.
ანალოგიური გრაფიკი ექნება ჩვენს ნაკრებს ოთხშაბათსაც, ფინეთთან მატჩის წინა დღეს, თუმცა ამჯერად ნაკრები ესპოო არენაში ივარჯიშებს, სადაც ფინეთთან მატჩი უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 და მე-4 ტურის მატჩებს საქართველო ფინეთის ნაკრებთან – 21 ნოემბერს ესპოოში და 24 ნოემბერს თბილისში გამართავს.
წყარო: gbf.ge